LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მოქალაქეები ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ… გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების ასე დახარბება“ – შოთა ბურჯანაძე

173
ლარსი (1)

„რუსეთის მხრიდან კახოვკის ჰესის აფეთქება, შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობისთვის დამაბრკოლებელი გახდება“, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან, ასევე კადრების დეფიციტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისს დამატებით მუშახელი კიდევ დააკლდება.

„მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი საუკეთესო წელი იქნება სხვა წლებთან შედარებით. მაგრამ აქ გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვა, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არსებობს. ობიექტური მიზეზი ისაა, რომ დღემდე ტურისტულ სეზონს ამინდები ხელს არ უწყობს; რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, რომელიც ჩემი აზრით, უფრო გრძელვადიან ომად განიხილება, ვიდრე მოკლევადიანად. ეს ყველაფერი ტურისტულ განწყობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან კახოვკის ჰესის აფეთქება, შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობისთვის დამაბრკოლებელი გახდება. ეს ჩვენს ქვეყანაზე შეიძლება პირდაპირ აისახოს. რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ეს სირთულე და გამოწვევა გადალახული არაა და დანახული მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება. ეს საკითხი თბილისში უფრო პრობლემატური იქნება იმიტომ, რომ სამუშაო მუშახელის კურორტულ ზონებში ემიგრაცია ხშირად მიმდინარეობს, შესაბამისად, თბილისს დამატებით მუშახელი აკლდება. ის ფაქტი, რომ აქ სტაბილური მუშაობა მეტ შესაძლებლობას აძლევს მათ, ვიდრე მიგრაცია, გათვალისწინებული არაა“, – განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასის გამო, მოქალაქეები ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ.

„სამწუხაროდ, რუსი ტურისტების გამოჩენისთანავე, რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ადგილებში ფასები გაიზარდა და ეს შეუსაბამოა. ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასებიც არასწორად გაითვალა. იქაც იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ. იქ, სადაც რუსეთიდან ფრენა ერთ ადამიანზე 400-500 დოლარია, მათთვის მისაღები ისევ ლარსით გადმოსვლაა. გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების ასე დახარბება. თითქოსდა, საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევდნენ და, რეალურად, ამ სიხარბის გამო, პირიქით, მათ პრობლემებს უქმნიან“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.