LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში: ჩხენკელი

48
მიხეილ ჩხენკელი

“იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რათა 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა.” – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველ ეტაპზე (2013-2020), ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.

მინისტრის თქმით, რეფორმის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასშტაბის ზრდა, რათა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. მისივე თქმით, განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმით პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.

ჩხენკელის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მისი თქმით, საბაზო განათლების მქონე მოზარდებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც, საშუალო განათლებასთან ერთად, მათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობასაც აძლევს. ეტაპობრივად გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების რიცხვიც.

“მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის პოტენციალის გააქტიურება და მათი კომპეტენციების განახლება. ამიტომ ყოველწლიურად გაიზრდება სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება-გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბიც.” – თქვა მინისტრმა.

ჩხენკელის თქმითვე:

◼  2020 წელს დამტკიცებული EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორების შესაბამისი სტანდარტის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს;

◼  6 წელიწადში ყველა სასწავლებელი იფუნქციონირებს ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში, რაც გაამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას;

◼  პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად;

◼  იგეგმება Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე.

◼  განვითარდება ექსელენს-ცენტრები (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას. სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები.

◼  გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. დაინერგება პროფესიული მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელი. მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურება კი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა, კვლავ განაგრძობს ზრდას.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლების საშუალებებსა და მეთოდებზე საუბრის დროს, მინისტრმა თქვა, რომ დაინერგება ციფრული და შერეული სწავლების მიდგომები, ასევე გაგრძელდება სახელოსნოებისა და პრაქტიკული სასწავლო სივრცეების მოდერნიზაცია.

გაგრძელდება კერძო-საჯარო პარტნიორობით, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების მასშტაბის ზრდა, დუალური სწავლების მოდელის დანერგვაზე განსაკუთრებული აქცენტით. პრიორიტეტულია კოლეჯების ბაზაზე სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება, რაც, თავის მხრივ, მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

განათლების მინისტრმა საჯარო/კერძო პარტნიორობაზეც გაამაცვილა ყურადღება და თქვა, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის წინაპირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობა, რაც სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს იძენს.

მისის თქმით, 2021 წლიდან საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს 40-ზე მეტი სექტორული ორგანიზაციის ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.