LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა – პროექტის ბიუჯეტი 350 000 აშშ დოლარია: UNDP

167
digitaldividetopper-10

გაეროს განვითარების პროგრამის ახალი ინიციატივა სოფლად მცხოვრები ქალებისათვის – UNDP იწყებს პროექტს, რომელიც პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში, გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობასა და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრას ემსახურება.

ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით.

პროექტი განხორციელდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობითა და UNDP-ის პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით. მისი ხანგრძლიობა 18 თვეა, მთლიანი ბიუჯეტი კი 350 000 აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი აღნიშნავს “პანდემიამ დააჩქარა ელექტრონულ სერვისებზე გადასვლის პროცესი როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და დაუცველ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ ელექტრონული სერვისებითა და დასაქმების ბაზრის თანამედროვე საშუალებებით”.

ფონდის მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეს, ონლაინპლატფორმების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს 700-მდე სერვისი მიეწოდება, მათ შორის ისეთიც, როგორიცაა ტელემედიცინა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია.
თუმცა, ამ მომსახურებით სარგებლობა ყველას თანაბრად არ შეუძლია, რაც ასევე პანდემიის დროს გამოჩნდა.

ციფრული უთანასწორობა შეიმჩნევა ქალაქსა და სოფელს შორის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონეში.

ქალაქში ინტერნეტის ყოველდღიური გამოყენების მაჩვენებელი მოსახლეობის 65 პროცენტს აღემატება, ხოლო სოფლად ნახევარსაც კი ვერ აღწევს. ქალები აქაც რისკის ჯგუფში არიან. მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და ციფრული უფსკრულიც მათზე უფრო მეტად მოქმედებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ციფრული უთანასწორობა ერთ-ერთი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის სოფლად მცხოვრებ ქალებს, სრულად ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით პანდემიის პირობებში. ის ასევე ამძაფრებს იმ სტრუქტურულ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე არსებობდა. საქართველოში ქალის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება კაცის ანაზღაურების 64 პროცენტს არ აღემატება. 15-დან 29 წლის ასაკის ქალების 37 პროცენტი არაა ჩართული არც დასაქმებაში, არც სწავლებასა თუ ტრენინგში. ამავე ასაკის კაცებისთვის ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია – 29 პროცენტი.

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ელექტრონულ სერვისებზე გადასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პანდემიაზე რეაგირებისთვის, არამედ ეკონომიკის თანამედროვე ინოვაციური განვითარებისთვის. ახალი პროექტი კი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად იწყება, თანხვედრაშია სახელმწიფოს პრიორიტეტებთან და ასევე სხვა ინიციატივებთან, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით ხორციელდება.