LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი ტალღისთვის მზად არის”: საქართველო გამგზავრებისა და მგზავრების მიღების პირობებზე მუშაობს

91
105865821-3342957239057252-8319281034886238146-o

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, სადაც საუკეთესო ეპიდსიტუაცია. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ყველა სხვა უწყება კოორდინირებულად მუშაობს, რათა არ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

“საფრთხე არის ის, რომ შეიძლება მოხდეს უკონტროლო გავრცელება, რისთვისაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ყველა სხვა უწყება მუშაობს კოორდინირებულად, რომ არ მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესება და შესაბამისად, ინფექციის უკონტროლო გავრცელება. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც აქვს საუკეთესო ეპიდსიტუაცია. გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, რომ თავიდან ავიცილოთ მომდევნო ტალღის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ინფიცირებულებიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია – მარინა ეზუგბაია

 

სტატისტიკა სანერვიულო არ არის

მინისტრის განცხადებით, ქართული ჯანდაცვის სისტემა მზად არის კორონავირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისა და ტალღისთვის. ტიკარაძის თქმით, ტესტირებასთან დაკავშირებით, დადგენილი ჯგუფების გაფართოვება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„არასტაბილური სტატისტიკა კორონავირუსის გავრცელების პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა, ვინაიდან ვირუსს არ ახასიათებს წინასწარი შეთანხმება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და საქართველოს მთავრობა მზად არის ვირუსის გავრცელების ნებისმიერი ოდენობისთვის და ტალღისთვის. თქვენ იცით, რომ ძირითადი ინფიცირებულები ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც წინა პერიოდში, გვყავს საკარანტინე სივრცეებიდან. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ეს სტატისტიკა მოსახლეობისთვის ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ გაფართოებული სამიზნე ჯგუფები და დღეისათვის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გაფართოებას არ ვგეგმავთ. 14 ივნისის შემდეგ აღარ გვქონია შიდა გადაცემის ფაქტები, აქედან გამომდინარე არის სწორედ ის გადაწყვეტილებები მიღებული, რის შედეგადაც ვხსნით აუზებს და ფიტნესდარბაზებს, ასევე ვაწესებთ სხვა შეღავათებს“ – განაცხადა ტიკარაძემ.

 

თუ ამჟამინდელი ვითარება შენარჩუნდა, სწავლა აღდგება

 

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს.

„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, როგორც დღესაა, სასწავლო პროცესს აღვადგენთ“.

ამასთან, მინისტრის თქმით, კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

რა პირობები უნდა იყოს დაცული გამგზავრებისა და მგზავრების მიღების შემთხვევაში

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოკვეთილია ქვეყნები, საიდანაც მგზავრების მიღება საქართველოს ეპიდსიტუაციაზე ურყოფითად არ აისახება.

„იცით, რომ საქართველო ეროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს მწვანე ქვეყნად და შესაბამისად, მზად არის გაუხსნას საზღვრები. გამოკვეთილია გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია არის საქართველოს მსგავსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას საქართველოსთვის არ ექნება ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა. ინდივიდუალურად ვმუშაობთ ამ ქვეყნებთან, რომ მოხდეს დეტალურად შეთანხმება, რა პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით, ან ევროპელი მგზავრი იმგზავრებს საქართველოს მიმართულებით“.