2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ექიმი ლევან რატიანიც იღებდა მონაწილეობას. ამის შესახებ მან გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა, სადაც რთული და მძიმე ვითარება გაიხსენა, რომლის გადატანაც ამ პერიოდში მოუწია.
რატიანის თქმით, ომის დროს მას დაჭრილი ჯარისკაცების გამოყვანა და კონკრეტულ ადგილზე გადაყვანა ევალებოდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მორიგეობის დროს ბომბი მათგან 50 მეტრში ჩამოვარდა.
„ეს იყო საშინელება… წარმომიდგენია ამ პერიოდში უკრაინელი ხალხი რას განიცდის. მაშინ სასწრაფოს ექიმი ვიყავი და ჩვენი ძირითადი ფუნქცია დაჭრილების გამოყვანა და კონკრეტულ ლოკაციაზე გადაყვანა იყო. გადაგვყავდა იქ, სადაც ექიმების ბანაკები იყო და პაციენტს პირველად დახმარებას ვუწევით, ან გორის ჰოსპიტალში, ასევე თბილისში. ბრიგადაში ორი ექიმი ვიყავით. როდესაც გორი იბომბებოდა, გვქონდა მითითება, რომ როგორც კი დაბომბვის ხმას გავიგებდით, აუცილებლად უნდა ჩავსილიყავით მაქანიდან. ძალიან ახლოს გაისმა დაბომბვის ხმა, დაახლოებით, ჩვენგან 50 მეტრში ჩამოვარდა ბომბი. მახსოვს ჩემი მეწყვილე ექიმის განწირული ხმა. ორნი ვიყავით მორიგეობაში. ჩემთან მყოფ ექიმ ქალბატონის ჩემხელა შვილები ჰყავდა. რომ დავწექი მიწაზე, ზევიდან დამახტა ვიღაც და დამიფარა ხელებით, ბომბი რომ არ მომხვედროდა. ის დედაჩემი არ იყო, მაგრამ ჰქონდა დედური განცდა. შენი ასაკის შვილები მყავს და არ გაინძრე, რამე არ მოგივიდესო.” – გაიხსენა ლევან რატიანმა.