ქართული ნახევარფაბრიკატების კომპანია ”ჩვენებური” საწარმოს ააშენებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, მიხეილ ჟამუტაშვილმა განუცხადა, ახევრაფარიკატების ქარხნის მშენებლობა აპრილის ბოლოს დაიწყება.
”ვიწყებთ უახლესი საწარმოს მშენებლობას ISO სტანდარტების მიხედვით. ქარხანა მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდება და გერმანული თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება. მას შემდეგ რაც დასრულდება მშენებლობა, შესაძლებლობა გვექნება ჩვენი პროდუქცია უცხოეთის ბაზრებზეც გავიტანოთ”,- განმარტა ჟამუტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახალ საწარმოში დაახლოებით 70 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, კომპანიას მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს- თუ აქამდე ”ჩვენებურის” პროდუქცია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში იყიდებოდა, უახლოეს პერიოდში რეალიზაცია უკვე დასავლეთშიც მოხდება.
”მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი ნახევარფაბრიკატების დისტრიბუციის განხორციელებით. შესაბამისად, ახლო მომავალში სრულიად საქართველოს მოვიცავთ”, – აღნიშნა კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა.
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია ”ჩვენებური” 2014 წელს დაარსდა. კომპანია ამჟამად საკვების 40-მდე სახეობას აწარმოებს.