LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენები კარგები არიან: რუსეთში ქართველები თავს იჩენენ (ფოტოები)

123
gallery-image-DJA-8368

ევროპაში ძირითადი სეზონი არ დაწყებულა, მაგრამ ნაწილმა ქვეყნებმა ჩემპიონატი დაიწყეს, ზოგან განახლდა და ზოგიერთები კი ამხანაგურებს თამაშობენ. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელებიც საქმეში არიან.

დიდებულ ფორმაშია “სან ხოსეს” შემტევი ვაკო ყაზაიშვილი. მან MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, ქართველმა “ვანკუვერს” გაუტანა და მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ვაკომ მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო, საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გუნდის კაპიტანმა ვონდოლოვსკიმ შეაგდო. “სან ხოსემ” 3:1 მოიგო. ყაზაიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს.
გურამ კაშია მატჩის განაცხადში არ იყო.

 

ყაზანის „რუბინმა“ ბექა მიქელთაძის გოლით მოიგო. ყაზანელები მოსკოვში „დინამოს“ ესტუმრნენ და გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთის ბოლოს ქართველმა გაიტანა. საგოლე კომბინაციაში ორი ჩვენებური მონაწილეობდა – შეტევა მიქელთაძემ დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელიამ გააგრძელა. ძირითადში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც 77-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა. მიქელთაძე კი მინდორზე მეორე ტაიმში შევიდა. ეს ბექას დებიუტი იყო ყაზანელთა რიგებში.

ჯიმი ტაბიძის „უფამ“ „კრასნოდარს“ უმასპინძლა და ამ შეხვედრაში ჩვენიანი გამორჩეული იყო. ტაბიძემ სრულად ითამაშა. მან ორი გოლი გაიტანა. ჯერ მეტოქეს გაუტანა და მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე, როდესაც 2:2 იყო, ქართველმა ავტოგოლი მიითვალა და მატჩიც სტუმრებმა მოიგეს.

გია გრიგალავას (90 წთ, გააფრთხილეს) “არსენალმა სტუმრად 3:2 მოუგო “კრილია სოვეტოვს”.
ჯანო ანანიძის (სათადარიგო) შ’პარტაკი” გასვლაზე დაუზავდა “როსტოვს” – 2:2. სათადარიგო იყო საბა კვირკველიაც, რომლის “ლოკომოტოვმა” მოსკოვში 2:1 აჯობა “ტამბოვს”.

 

 

ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა. გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასზე „ანიფი“ 4:1 დაამარცხა და ქართველი შემტევი გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. კიტეიშვილმა მე-80 წუთამდე ითამაშა. ოთარმა „შტურმში“ ნომერი შეიცვალა და ახალ სეზონში ათიანი იქნება.

პოლონეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის გახსნით მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა ვაკო გვილიამ. ქართველი ფეხბურთელის „ლეგიამ“ „პოგონი“ მიიღო და მოულოდნელად 1:2 წააგო.
გვილიამ 90 წუთი გაატარა ითამაშა. 58-ე წუთზე ქართველის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გავიდა გოლი.

შვედეთის პირველობის მე-16 ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და „ესკილსტუნა“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთ გოლში მონაწილეობა მიიღო ხარაიშვილმაც. სწორედ მისი პასით გავიდა გადამწყვეტი გოლი. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა.

სრულად ითამაშეს დანიელმა ქართველებმა. ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგი” 1:1 ეთამაშა “ჰობროს”, საბა ლობჟანიძის “რანდერსი” კი 2:2 “ბრონდბიუს”. ქართველმა მე-8 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

კარგად შეეგუა ახალ გუნდს ლუკა ზარანდია. ბელგიურ “ზულტე-ვარეგემში” 23 წლის ქართველმა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი ითამაშა. მეტიც, “ვილემს” ლამაზი გოლი გაუტანა. ლუკა 86-ე წუთზე შეცვალეს.
“ზულტე-ვარეგემი” 27 ივლისს, ჩემპიონატის პირველ ტურში “მეხელენს” უმასპინძლებს.

ლატვიიდან ” ბელგიურ “ლომელში” გადასულმა ბექა ვაჩიბერაძემ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. “ლომელი” ამხანაგურ შეხვედრაში “სენტ ტრუიდენს” ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ვაჩიბერაძე ძირითადში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. ჩვენიანმა 31-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

ქართველი ნახევარმცელი გიორგი ბერიძე “გენტის” შემადგენლობაში დაბრუნდა. 22 წლის ფეხბურთელმა “რეიმსთან” ამხანაგურ შეხვედრაში (1:1) მიიღო მონაწილეობა. ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ის მეორე ტაიმში მთელ გუნდთან ერთად შეცვალეს. განაცხადში არ ყოფილა გიორგი ქვილითაია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, გიორგი ჩაკვეტაძე კი რეაბილიტაციას გადის.

 

შეკრებაზე მყოფი კიევის “დინამო” ამხანაგურ მატჩში “ობოლონს” დაუზავდა (1:1). თავი გამოიჩინა “დინამოელთა” 18 წლის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა. “დინამოს” მწვრთნელმა ახალგაზრდული შემადგენლობა დააყენა და მე-11 წუთზე ანგარიში წიტაიშვილმა შორიდან დარტყმით გახსნა.

 

ერთი სასიამოვნო სატრანსფერო სიახლე. diariodecadiz.es-ის ცნობით, თბილისის “დინამოს” 23 წლის ნახევარმცველი ლევან შენგელია დიდი ალბათობით სეგუნდადივიზიონის “კადისში” გააგრძელებს კარიერას. “კადისს” ახლავე სურდა ლევანის გადაყვანა, მაგრამ “დინამომ” არ გაუშვა, ვინაიდან ევროპა ლიგაზე უნდა დაეხმაროს. მას “დინამოსთან” კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება და ამის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა “კადისში”.

 

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის ივნისის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. გასულ თვეში ტაშკენტელებმა სამი მატჩი ჩაატარეს, სამივე მოიგეს, 15 გოლი გაიტანეს და ერთადერთი გაუშვეს. „ფახთაქორი“ უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები