„შეწყდეს ფერეიდნელი ქართველების დისკრიმინაცია“, – ამ ლოზუნგით დღეს, იუსტიციის სახლთან, საპროტესტო აქცია გაიმართა.
ფერეიდნელი ქართველები სახელმწიფოსგან ბინადრობის უფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, ბინადრობის უფლებას ვერ იღებენ.
ფერეიდნელი ქართველები ხელისუფლებას მათი უფლებების დარღვევასა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.
„ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რაც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, ყოვლად მიუღებელია.
მით უმეტეს, როდესაც თანამემამულის სტატუსზე, ბინადრობაზე უარს გვეუბნებიან და ეს იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, მრავალი ეთნოსი, [არ ჩამოვყვები ახლა, არ დავაკონკრეტებ] ათასობით და ათიათასობით შემოდის, ეს არის დანაშაული.
თითქმის არავის არ აძლევენ ბინადრობის უფლებას.“. – განაცხადა აქციის მონაწილემ, ფერეიდნელმა ქართველმა სოფიო ნიკაშვილმა.