სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ და ისევ საგანგაშოა. მიუხედავად ჩვენი ექიმების გმირული მოღვაწეობისა, უკვე სტატისტიკურადაც შემაშფოთებელია ამდენი გარდაცვლილი,- ასე აფასებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, ირაკლი ხმალაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას.
როგორც ირაკლი ხმალაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, ის მომხრეა მაქსიმალურად შეიზღუდოს ადამიანთა თავყრილობები. გარდა ამისა, ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ დიდი რაოდენობით ხალხთან კონტაქტი, აუცილებელია იყვნენ სრულად ვაქცინირებულები.
“რაც უფრო წინ მიდის ცივილიზაცია, მით უფრო წინა პლანზეა ადამიანის უფლებები და მათთვის ბრძოლა, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვართ ომში. ჩვენ გამოგვიცხადა [ვირუსმა] ძალიან სერიოზული ბრძოლა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს არის ომი, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ. ამიტომ ცოტა მეტი აქტიურობა გვმართებს. მოსახლეობას მათთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე ავუხსნათ, რა დიდი საშიშროების წინაშე დგას, არა მარტო ის, არამედ მისი თითოეული ოჯახის წევრი. ეს არ არის უბრალო ვირუსი.
მე კატეგორიულად მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვისაც სამსახურის თუ ცხოვრების წესის გამო, დიდი რაოდენობით ადამიანებთან აქვს კონტაქტი, ეს მხოლოდ ექიმებს არ ეხება, ესენი არიან: მასწავლებლები, ლექტორები, რესტორნის თანამშრომლები, მძღოლები და ა.შ. მაქსიმალურად იყვნენ აცრილები.
მე გახლდით ლონდონში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც იგივე ფასში არამწეველების ოთახი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მწეველების, ეს მათი პოლიტიკაა და ასეთი საშუალებით ებრძვიან ვთქვათ, თამბაქოს მომხარებლებს. ჩვენ შეგვიძლია ასეთი პრაქტიკა განვახორციელოთ. გნებავთ, ანაზღაურების თვალსაზრისით, მეტი პლუსი ჩავუწეროთ იმ ადამიანებს, რომლებიც აცრილები არიან და ალბათ, მივალთ იქამდეც იგივე ტრასპორტში, რესტორნებსა და მაღაზიებში მოვითხოვთ კოვიდ პასპორტების წარდგენას.
ვირუსს შეუძლია გეომეტრიული პროგრესით გავრცელება. ოდნავ გვერდზე გახედვის საშუალებას არ აძლევს ადამიანებს. ბოდიში ყველასთან, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ადამიანთა თავშეყრა. ეს არის ქელეხები, ქორწილები. მე თავად გული მტკივა როდესაც ამას ვამბობ, მაგრამ როდესაც ადამიანები იკრიბებიან, მოიხმარენ ალკოჰოლს, გვავიწყდება პირბადის ტარება. ამიტომ ესეთი მომენტები არ უნდა ქმნიდეს კიდევ ერთ საშიშროებას. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ასეთმა თავყრილობებმა გამოიწვია ვირუსის გავრცელება.
ჯერ ერთი, პირბადე 100%-ით არ იცავს, ერთადერთი რაც იცავს, ეს არის ვაქცინა და ეს უნდა გვახსოვდეს. ადრე იძახდნენ არ არის ვაქცინა სერტიფიცირებულიო და ათას რამეს ამბობდნენ. მერწმუნეთ,ახლა არის ვაქცინა სერტიფიცირებული და დადგენილია, რომ მისი ეფექტურობა აშკარაა”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.