“პირადად მე, ასევე, ჩემს თანაგუნდელებს, იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქვეყანა, ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს სერიოზული პრობლემები.” – თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარადგინა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა არსებობს. როგორც მან აღნიშნა, სატრანსპორტო პოიტიკის მიმართულებით, მერიის მთავარი მიზანია, მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით გადაადგილდებოდნენ:
“დღეს, საზოგადოებას ვაბარებთ მორიგ ანგარიშს – სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია, რომ მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთი ადგილიდან მეორე მიმართულებით. როდესაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე მკაფიოდ გვქონდა გაცხადებული. ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო.” – თქვა კალაძემ.
მისი განცხადებით, პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ:
“მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება.” – თქვა მან.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს ენიჭებათ:
“ფაქტია, რომ გამართული სატრანსპორტო ქსელის გარეშე შეუძლებელია ქალაქი ურბანული თვალსაზრისით მოაწესრიგო, ხოლო მოძველებული ავტოპარკით გარემოსდაცვითი მიმართულებით ზრუნვა სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა იყო კომპლექსური, რათა ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, დაგვემატებინა ახალი სერვისები და სატრანსპორტო პოლიტიკა არსებითად გაგვეუმჯობესებინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენს პროგრამაში უპირატესობა პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს. შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი გადაადგილდება, ხოლო ბოლოს კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.” – განაცხადა მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორების დაწყება ერთგვარ შოკურ თერაპიას უდრიდა, მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის და ამ გამოწვევასთან შეჭიდება გარისკეს:
” მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი ნამდვილად მეამაყება.” – განაცხადა მერმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ კომპანიას და ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მუნიციპალიტეტს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ:
“მიხარია და მჯერა, რომ როცა სატრანსპორტო რეფორმა დასრულდება არამარტო თბილისელები, არამარტო ჩემი გუნდი, არამედ ყველა მართლა ქვეყანაზე მზრუნველი ადამიანი, პოლიტიკოსებიც დააფასებენ გაწეულ სამუშაოს. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში თბილისი დადგება სხვა ევროპული დედაქალაქების გვერდით გამართული სატრანსპორტო პოლიტიკით. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები იმისთვის, რომ ეს მიმართულება მთლიანად იყოს მოწესრიგებული და გამართული.” – განაცხადა კალაძემ.