LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას: ღარიბაშვილი

57
ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის არის აუცილებელი.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალბერტ იონსონთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ალბერტ იონსონს კოვიდპანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში ოდირის წვლილი დასაფასებელია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შემუშავებულია სპეციალური პროტოკოლები საერთაშორისო დამკვირვებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

“ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მმართველი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ყველა პირობა იყოს უზრუნველყოფილი მათი მანდატის სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ალბერტ იონსონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მიმოიხილეს, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, დაცული იყო ყველა ფუნდამენტური თავისუფლება და შედეგი ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, შედეგად, 2020 წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი და მოიპოვა მანდატები პარლამენტში.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დემოკრატიის მთავარი საყრდენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია და ხელისუფლება სრულად აცნობიერებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მმართველი გუნდი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩაატაროს.

“ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.” – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები