პერსონალური მონაცემების მოპოვება და გაყიდვა – სკანდალი FACEBOOK-ის ირგვლივ კვლავ ზენიტშია. სოციალური ქსელი, რომელშიც 2 მილიარდამდე მომხმარებელია გაწევრიანებული, საკუთარი მომხმარებლების მონაცემებს თავად იყენებდა უკანონოდ. დაკარგული მილიარდები და ნდობა – გაუძლებს თუ არა სოციალური ქსელი კრიზისს? ანალიტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზებს არ იძლევიან.
რა მოხდა რეალურად?
„გაიგე, როდის გამდიდრდები“, “გაიგე, როგორი კულინარი ხარ“ – ათასობით მსგავს ტესტს ფეისბუქმომხმარებლები ყოველდღიურად ავსებენ. 2014 წელს სწორედ ასეთი აპლიკაცია – „ეს არის შენი ციფრული ცხოვრება“, მომხმარებელს პიროვნების დასადგენ ტესტს სთვაზობდა. ტესტი 300 000 მომხმარებელმა შეავსო. აპლიკაციამ მომხმარებელზე მოაგროვა ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა ადგილსამყოფელი, მოწონებული გვერდები, ინტერესები და ასევე ინფორმაციები მათი მეგობრების შესახებ. ჯამში 50 მილიონი ადამიანის ინფორმაცია შეგროვდა. აპლიკაციის შემქმნელებმა ინფორმაცია დაამუშავეს და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს მიჰყიდეს.
ევროპას ცუკერბერგის ცრემლების არ სჯერა
“ჩვენ მოგვატყუეს, აღშფოთებულები ვართ”, “ეს იყო ნდობის და იმედის გაცრუება, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, ადამიანების მონაცემები დავიცვათ და, თუ ამას ვერ შევძლებთ, არ ვართ ღირსი, ხალხს ვემსახურებოდეთ. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდეს“.
სოციალური ქსელის დამარსებლის, მარკ ცუკერბერგის, ბოდიში ვითარების განსამუხტად საკმარისი არ აღმოჩნდა. ევროკომისარი ვერა იუროვა “ფეისბუქისგან” განმარტებებს მოითხოვს. მარკ ცუკერბერგი კი ბრიტანეთის და ამერიკის საგამოძიებო უწყებებშია დაბარებული.
„ Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, Facebook-ისგან მოვითხოვ განმარტებებს, რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს ,“ – ითხოვს ევროკომისარი.
რას გვასწავლის სკანდალი – როგორ დავიცვათ ინფორმაცია?
ევროკომისარზე არანაკლებ განრისხებულები არიან სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. განსაკუთრებით პოპულარულია ონლაინკამპანია ჰეშთეგი #deletefacebook – (#წაშალეფეისბუქი). სკანდალის პარალელურად სოციალურ ქსელში გაჩნდა ყალბი აპლიკციები და რჩევები (BFF), რომელიც მომხმარებელს პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დაცვას სთავაზობს.
რეალურად რა ინფორმაციას ინახავს “ფეისბუქი” ჩვენზე და როგორ შეგვიძლია ვაკონტროლოთ მისი დაცულობა?! .
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატი ფეისბუქის მომხმარებლებს პირადი მონაცემებით მანიპულირების მაქსიმალურად შესამცირებლად რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს:
- FACEBOOK აპლიკაციის გამოყენებამდე კარგად გაეცნოთ მის კონფიდენცილურობის პოლიტიკას (privacy policy);
- დააკვირდეთ, რა მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევთ აპლიკაციას და დაფიქრდეთ, სჭირდება კი მას ის მონაცემები, რასაც ითხოვს? საეჭვო გარემოებების შემთხვევაში უარი თქვით აპლიკაციის გამოყენებაზე;
- განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აპლიკაციებს, რომლებიც, საკუთარის გარდა, თქვენი მეგობრების მონაცემებსაც ითხოვს;
- ყურადღება გაამახვილოთ, ხომ ართანხმდებით თქვენი ან თქვენი მეგობრების მონაცემების მესამე პირებისთვის/კომპანიებისთვის გადაცემაზე.
„თითოეული ჩვენგანი უამრავი აპლიკაციით თუ ტესტით სარგებლობს, რომლებიც გვთავაზობენ, გავიგოთ, რა გველის მომავალში, როგორი ვიქნებით 60 წლის ასაკში და სხვა. ეს ერთი შეხედვით უწყინარი გართობა, როგორც ამ შემთხვევითაც დასტურდება, შესაძლოა, იმაზე საზიანო იყოს ვიდრე წარმოგვიდგენია,” – აფრთხილებს მომხმარებელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.