LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ გვექნება სკოლა, რომელიც ბავშვებს ეყვარებათ” – “გირჩის” ინიციატივას ინვესტორი გამოუჩნდა

24a45e3c3c5f8e4bffd722ebc6e44329_XL

„გირჩი“ სკოლების გახსნას გეგმავს. პირველი სკოლა თბილისში განთავსდება და 500-1200 ბავშვზე იქნება გათვლილი.

როგორც „ფორტუნას“ ზურა ჯაფარიძემ განუცხადა, ინვესტორი, რომელიც თანხას ამ ახალ წამოწყებაში დააბანდებს, უკვე არსებობს. ამ დროისთვის ისინი სკოლისთვის შენობის შერჩევის ეტაპზე არიან.

 „უკვე გვაქვს ერთი ადგილი შერჩეული, თუმცა გადაწყვეტილება არ მიგვიღია და განვიხილავთ სხვა ტერიტორიებსაც. გვყავს ინვესტორი, რომელიც აპირებს, რომ ამ საქმეში ჩადოს კაპიტალი. მშობლების და ბავშვების მხრიდან ინტერესი უკვე არსებობს,“ – ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, არსებული საგანმანათლებლო სისტემა წლებია თაობებს ღუპავს. „გირჩის“ ლიდერის აზრით, ეს მშობლებმაც კარგად იციან და ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, გამოცდების ჩასაბარებლად, ისინი ინდივიდუალურად ამზადებენ ბავშვებს.

“არსებულ სკოლებში ბავშვები იმ განათლებასაც ვერ იღებენ, რომლებიც არა თუ რეალური ცხოვრებისთვის მოემზადონ, არამედ ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც ვერ აბარებენ. სკოლის შემდეგ, ყველა მშობელმა იცის, რომ რეპეტიტორთან უნდა წაიყვანოს ბავშვი და მოამზადოს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ისინი არ ენდობიან ამ სისტემას. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ მშობლებს გააზრებული აქვთ, როგორი ჭაობია ეს სისტემა,“ – აცხადებს ჯაფარიძე.

სკოლა, როგორც „გირჩის“ ლიდერები ამბობენ, სრულიად განსხვავებული იქნება არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებისგან და მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თავისუფლება იქნება. განსხვავებული იქნება სკოლაში სწავლის საათები, არდადეგები, საგნები და ა.შ.

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სკოლა დაეხმარება ბავშვებს და მშობლებლებს, გაიაზრონ, რა უნარები აქვს ბავშვს, რისი კეთებით იქნება მომავალში ბედნიერი და წარმატებული. 

"ჩვენ ვიცით, თუ რა გვინდა ბავშვებს ვასწავლოთ" - როგორი იქნება "გირჩის" სტანდარტების სკოლა

სიგიჟეა ეს სისტემა, რომ ეროვნულ გამოცდებამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია მიხვიდე, თუ დაასრულე განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული სკოლა. იქნებ ამ გამოცდებს ისედაც ვაბარებ?

„დილით ბავშვები სიხარულით გაიღვიძებენ და გამოიქცევიან სკოლაში. მშობლებს არ დასჭირდებათ ამაზე წვალება. ჩვენ გვექნება სკოლა, რომელიც ბავშვებს ეყვარებათ. ის იმუშავებს 12 თვე წელიწადში. არანაირი არდადეგები არ იქნება. მშობელს როცა ექნება სურვილი, შვილი წაიყვანოს დასასვენებლად, მაშინ გაიყვანს ბავშვს. როდესაც დაბრუნდება ის სკოლაში, გააგრძელებს იმ ადგილიდან, სადაც გაჩერებული იყო. განრიგი, დილის 9-დან საღამოს 6-მდე, როგორც ასეთი, არ იქნება. იქნება ბლოკები, რომელშიც გათვლილი იქნება აკადემიური და „ძიძობის“ საათები. მშობლებს რამდენ საათსაც მოუნდებათ, იმდენს იყიდიან სკოლიდან, ეს იქნება მორგებული მშობლების და ბავშვების საჭიროებებზე.

ეს სკოლა იქნება, ყველა სახელმწიფო რეგულაციისგან თავისუფალი. კონცეფციას რაც შეეხება, გამოყენებული იქნება, დედამიწაზე არსებული წარმატებული სკოლების მოდელები. თავისუფალი სკოლა იქნება, სადაც ბავშვებს მოეპყრობიან ისე, როგორც ადამიანებს და არა მონებს, როგორც ეს ხდება არსებულ განათლების სისტემაში. ჩვენს სკოლაში ბავშვები არ იქნებიან დაჯგუფებული ასაკის მიხედვით, ბავშვებისადმი დამოკიდებულება იქნება, როგორც უნიკალური ინდივიდებისადმი და მასწავლებლის მიზანი იქნება, თითეულ ბავშვს დაეხმაროს უნარების განვითარებაში, ასევე იმის გამოვლენაში, თუ რა აინტერესებს ბავშვს და რისი კეთება იქნება მისთვის ცხოვრებაში საინტერესო, რა გახდის მას გამორჩეულს,“ – განმარტავს ზურა ჯაფარიძე „ფორტუნასთან“.

იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში მთელ რიგ პრობლემებს ჩაკეტილი სისტემა იწვევს. არსებულ პრობლემებს კი ჯაფარიძის აზრით, სწორედ „გირჩის“ სკოლა მოაგვარებს.

„სწავლისთვის არ არის მხოლოდ გრიფირებული წიგნები აუცილებელი. საინტერესოა აუდიო, ვიდეომასალითაც სწავლება, ასევე თამაშით. უამრავი სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომლებსაც განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ, არსებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, თუმცა არ გვაინტერესებს, ის გრიფირებული იქნება თუ არა სახელმწიფოს მიერ. რაც მოგვეწონება და რასაც ჩავთვლით, რომ სწორი, აქტუალური და რელევანტურია, იმას გამოვიყენებთ, რადგან სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და შესაბამისად, განათლების მიწოდების გზებიც მუდმივად განახლებადია,“ – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.