ეს ამბავი 21-ე საუკუნისთვის ცოტა უჩვეულო და საინტერესოა. 6 მეგობარი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, საერთო ინტერესმა – მუსიკამ და ბუნების სიყვარულმა გააერთიანა. დღეს ისინი საზოგადოებისგან განცალკევებით, იმერეთში, ე.წ. „საღორიის ტყეში“, საკუთარი ხელით შექმნილ საცხოვრებელში ცხოვრობენ.
„ფორტუნა“ მათ საცხოვრებელს ესტუმრა. ინტერვიუს მთავარი გმირი ამ იდეის ავტორია, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ.
მოგვიყევით თქვენს შესახებ…
6 განსხვავებული ხასიათის მეგობარი ვართ. თუმცა საერთო ბევრი გვაქვს – მუსიკა, ბუნების სიყვარული და თავისუფლება. ვეძებთ სიახლეებს და ვცდილობთ ყველასგან დამოუკიდებლად შევქმნათ რაღაც ახალი. ყველაფერს მარტო და მხოლოდ ჩვენი ძალებით ვაკეთებთ.
რატომ გადაწყვიტეთ საზოგადოებისგან ცალკე ცხოვრება და რა დროს ატარებთ ამ ტერიტორიაზე?
ეს ჩვენი მუდმივი საცხოვრებელია. მთელ დროს აქ ვატარებთ, მუსიკაში და ამ ჰარმონიაში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და სახალისოა. ყველა თვითნასწავლი მუსიკოსები ვართ, ყოველ საღამოს კოცონის გარშემო ვსხდებით და ერთმანეთს მუსიკას ვუზიარებთ, რამდენიმე საკრავსა და ინსტრუმენტზე ვუკრავთ, ეს არის ჩვენი სიამოვნება და თავისუფლება. ჩვენ ცოტა უცნაური ვიზუალის მქონე ხალხი ვართ, საზოგადოებისგან განსხვავებული და ცოტა უჩვეულო შეხედულებები გვაქვს ყოფით საკითხებთან. ამიტომ ზედმეტი პრობლემებისგან ვთავისუფლდებით და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა.
რა დამოკიდებულებაა აქვს საზოგადოებას და როგორია მათთან თქვენი კომუნიკაცია?
ტყე საკმაოდ ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან, ამიტომ ვიტყვი, რომ გარშემო მოსახლეობასთან ვმეზობლობთ. თუმცა არის გარკვეული კატეგორიის ხალხი, რომლებმაც ვერანაირად ვერ შეძლეს ჩვენი მიღება. იყო რამდენიმე, ძალადობის მცდელობის და დისკრიმინაციის ფაქტი, რაც სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.
როგორ ახერხებთ თავის რჩენას და საკვების მოპოვებას?
ამავე ხალხის დახმარებით გაგვაქვს თავი. გარშემო არიან მეზობლები, რომლებიც ხშირად პროდუქტით გვეხმარებიან, ძირითად შემთხვევაში კი, ქოხიდან გამოვდივართ და ქალაქში ქუჩის მუსიკოსებად ვდგებით, ხალხს ვუზიარებთ ჩვენს მუსიკას და შემოსავალიც აქედან გვაქვს. მომავალში ბევრი გეგმებია, ნაყიდი გვაქვს სამეურნეო ნერგები, თესლები და სამომავლოდ ჩვენვე მოვიყვანთ მოსავალს.
რითია გამორჩეული ეს გარემო და რატომ გადაწყვიტეთ მაინც და მაინც აქ დამკვიდრება?
ჩვენ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ. სამწუხაროდ, წელს COVID-19-ის პანდემიის გამო საზღვრებს ვერ გავცდით, სამაგიეროდ მოვიარეთ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია. ბუნება ყველაზე დიდი ჰარმონიაა, ამ ტერიტორიას ბავშვობიდან კარგად ვიცნობ და ყოველთვის დიდ დროს ვატარებდი ამ კონკრეტულ ადგილას. სახლი, რასაც ხედავთ, ჩვენი გაკეთებულია, თითოეულ დეტალს და ნივთს ვუფრთხილდებით. ყველა ნივთს თავის ისტორია აქვს, უმეტესობა ამ ნივთებიდან მოგზაურობის დროს გვაქვს წამოღებული. რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე აქ დამკვიდრება და ამაში ეს საინტერესო ხალხი, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ.
ჩვენი დახვედრიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ძალიან სტუმართმოყვარეები ხართ…
სტუმარი ღვთისაა… ჩვენს შესახებ ბევრმა არ იცის, არ ვართ პოპულარულები და არც გვსურს ამ ყველაფრის აფიშირება, რადგან ასე უფრო მშვიდად და წყნარად ვგრძნობთ თავს. გარკვეული საზოგადოება, უფრო ადგილობრივები, ვინც ჩვენზე იციან, ხშირად გვსტუმრობენ. მოდიან, რჩებიან, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და სხვადასხვა საქმეებში გვეხმარებიან. უცხოელი სტუმრებიც ხშირად გვყავს. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ერთი მექსიკელი სტუმარი, ხუანი გვყავდა, რამდენიმე თვე იცხოვრა ჩვენთან, რაც პოზიტიურ მოგონებებს უკავშირდება. ასევე, რამდენიმე კვირაა ჩვენი სტუმარია ესპანელი ბიჭი, სახელად ოსკარი, რომელმაც ჩვენ სახლთან კარავი დადგა და ჩვენს ოჯახში შემოვიდა. მოსწონს აქაურობა და ვფიქრობთ წასვლასაც აღარ აპირებს. ასე რომ, ნებისმიერი მსურველისთვის ჩვენი კარი ღიაა, მთავარია საერთო ენა ვიპოვოთ და მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ.