“უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.” – განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
როგორც პატრიარქმა მიმართვის დროს აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ბოროტი და კეთილი ერთმანეთთან არის დაპირისპირებული და ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე:
“ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.
წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეთ თქვენ. დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს. ჩვენთან არს ღმერთი.” – განაცხადა პატრიარქმა.
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულის სახელწოდება – ხარება, მასთან დაკავშირებული მოვლენის მთავარ არსს გადმოსცემს – მარიამ ღვთისმშობლისათვის ხარებას, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე-ძე ღვთისა.