„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერის წინ და არც ფსევდოინტელექტუალური ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის,“ – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გახარიას თქმით, მას არასდროს შეშინებია მწვავე კითხვებისა და დისკუსიების.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის. კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტს და მინდა გითხრათ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვებისა და დისკუსიებისთვის და რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს. აბსოლუტურად მზად ვართ, ასევე, დისკუსიისთვის,“ – განაცხადა შს მინისტრმა.
გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისივე თქმით, ზუსტად 1 წლის წინ უწყებამ აიღო გარკვეული ვალდებულებები 2018 წელს დაგეგმილ და შესასრულებელ პროექტებზე და თავს ვალდებულად თვლის, პარლამენტს ანგარიში ჩააბაროს.
„გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზე მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერის წინ და არც ფსევდოინტელექტუალური ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები, როგორც სამინისტროს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.