LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ამას უფრო გაუგებრობას ან ზედმეტ სიფრთხილეს დავაბრალებთ – გიორგი ჩოგოვაძე

93

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, საქართველო-უელსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გავრცელებულ განცხადებას “გაუგებრობას”  და “ზედმეტ სიფრთხილეს” უწოდებს და აცხადებს, რომ “ამ საკითხზე ბრიტანეთთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს”. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ კომუნიკაციის შედეგად გამოსწორდება ის მიდგომა, რაც საელჩოს განცხადებაშია ასახული.

”მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი პრეცედენტები არ დაფიქსირებულა საქართველოში ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ და ჩვენ ამას უფრო გაუგებრობას ან ზედმეტს სიფრთხილეს დავაბრალებთ. ამ კომუნიკაციის შედეგად იმედია გამოსწორდება ის მიდგომა, რაც დღევანდელ განცხადებაშია ასახული ბრიტანეთის საელჩოს მიერ,” – განაცხადა ჩოგოვაძემ.

6 ოქტომბერს თბილისში, “დინამოს” სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას და მატჩზე დასწრებას აპირებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს.

საელჩო დეტალურად განუმარტავს თავის მოქალაქეებს თუ რა უნდა გაითვალისწინონ პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით.

საელჩოს რეკომენდაციებში აღნიშნულია,  რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თბილისში გადაადგილება რთულია. ასევე საუბარია  შესაძლო კრიმინალის რისკზეც.