მიმდინარე ზამთარი ინფექციური დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით პრობლემური აღმოჩნდა – წითელას ეპიდემიის თან ჩუტყვავილას შემთხვევები დაერთო, დაავადებულთა უმრავლესობა ბავშვებია, მათ შორის ერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
როგორც „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ჩუტყავილას გავრცელების რიცხვი ნორმის ფარგლებშია და ქვეყანას ეპიდემია არ ემუქრება.
ჩუტყვავილას ინფექცია იმუნიზაციის ეროვნული კალენდარში გათვალისწინებული არ არის და მხოლოდ ფასიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. კომერციულ კლინიკებში ვაქცინის ფასი 50-80 ლარამდე მერყეობს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, ინფორმაციით, ვაქცინის ჩართვა ეროვნულ კალენდარში არც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
„ჩუტყვავილას ვაქცინა ევროპის არცერთი ქვეყნის იმუნიზაციის კალენდარში არ არის გათვალისწინებული და მხოლოდ ამერიკაში კეთდება გეგმიური ვაქცინაცია. საქართველოში წელიწადში 8-10 000 შემთხვევა ნორმაა და წელს გაცილებით ნაკლებ მაჩვენებელს ველოდებით. ინფექციის გართულება, რომელიც ფატალურად სრულდება, ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ძირითადად თანმხლებ დააავადებას უკავშირდება,“ – განმარტავს „ფორტუნასთან“ პაატა იმნაძე.
ჩუტყვავილას გართულებული ფორმები
ჩუტყვავილას ინფექციას მაღალი კონტაგიოზურობა (გადადება) ახასიათებს. დაავადების 90% 10 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება. დაავადება საწყის ეტაპზე სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით იწყება.
გენერალიზებული ფორმების დროს ადგილი აქვს ორგანიზმის სისტემურ დაზიანებას. გამონაყარი ეროზიებისა და წყლულების სახით აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასუნთქ და საშარდე ორგანოებში ჩუტყვავილას გენერალიზებული ფორმები იშვიათია და უმეტესად სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში ფიქსირდება.
პედიატრ დავით რეხვიაშვილის განმარტებით, ჩუტყვავილას სტანდარტული მიმდინარეობისას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. როგორც სხვა ინფექციური დაავადებების დროს, საჭიროა სითხით დატვირთვა, ქავილის (ხშირია გამონაყარის ინფიცირება) და ტემპერატურის კონტროლი. ჩუტყვავილას რამდენიმე ტიპის გართულებაც ახასიათებს და ინფექცია პრობლემური სხვა დაავადებასთან დუეტშიც ხდება.
„ჩუტყვავილავილას ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ნეიროინფექცია-ენცეფალიტი და ასევე ფილტვების ანთებაა. სხვა დაავადებებთან ერთად, როგორიცაა ანემია, იმუნოდეფიციტი, ქრონიკული დაავადებები , თანდაყოლილი მანკები, ასეთ დროს ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლა უჭირს და შესაძლებელია, გართულდეს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ დავით რეხვიაშვილი.
ექიმის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის მიმდინარეობისას ბავშვის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, დაეწყო ძილიანობა, მოთენთილია, უარს ამბობს საკვებისა და სითხის მიღებაზე, გახშირდა სუნთქვის სიხშირე, აუცილებელია, მიმართოთ სტაციონარს.
თამუნა გოგუაძე