LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა

146
Capture

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

“გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მეტიც, წარსულში წლების მანძილზე მოვლენები და დარგის მესვეურთა მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ცხადად მიუთითებს ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობას. გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. „გელათის მონასტერი“ მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან.

მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.

მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება: გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა; ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი; აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები; კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება.

გადაუდებელ აუცილებლობად გვესახება გელათის ძეგლის მართვისა და კონსერვაციის პრობლემების ანალიზის საფუძველზე მკაფიო გადაწყვეტილებების ინიცირება და მიღება; პროცესების არსებითი კორექტირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების კვალად და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა”, – აღნიშნულია ჩუბინიშვილის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები