LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩრდილოეთის ნაკადი-2”-სთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმა, რუსეთისთვის ტყვიის მიწოდების ტოლფასია: ზელენსკი

59
1

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ მედიასაშუალებებთან საუბრაში განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით გაოცებული და იმედგაცრუებულია და რომ სანქციების დაწესებაზე უარის თქმა რუსეთისთვის ტყვიის მიწოდების ტოლფასია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან საუბარში აღნიშნა, რომ მან არა პირისპირ კომუნიკაციის, არამედ პრესის საშუალებით გაიგო, რომ ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს რუსული მილსადენის დაბლოკვის მცდელობა, რომელსაც უკრაინა ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებად მიიჩნევს.

ერთსაათიანი ინტერვიუს დროს უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თხოვნით მიმართა ჯო ბაიდენს, შეხვდეს პირისპირ, 16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ ვიზიტამდე.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა პუტინის ფსიქოლოგიური ზეწოლის კამპანიაზე და აქვე აღნიშნა, რომ ბაიდენს, რომელსაც ის “კალათბურთის დიდ მაიკლ ჯორდანს ადარებს”, კვლავ შეუძლია, შეაკავოს რუსეთი და გადაარჩინოს უკრაინა.

“ეს არის იარაღი, ნამდვილი იარაღი… რუსეთის ფედერაციის ხელში. ამ იარაღის ტყვიები შესაძლოა ისეთი დიდმა ქვეყანამ მოგვაწოდოს, როგორიცა შეერთებული შტატებია. აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაზსადენი თითქმის დასრულებულია და არგუმენტად გერმანიასთან კარგი ურთიერთობების მნიშვნელობა მოიყვანა. რამდენი უკრაინელის სიცოცხლედ ღირს აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობები.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ოპერატორისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

ზელენსკის თქმით, აშშ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს რუსეთი. მისი თქმოით, ჯო ბაიდენმა პირდაპირი მესიჯი გადასცა, რომ აშშ მზად იყო გაზსადენის დაბლოკვისთვის, თუმცა შემდეგ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებზე უარს ამბობს.