LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩქაროსნული გზა პლაჟის ნაცვლად?! – რა პირობას იძლევა გზების დეპარტამენტი

76

დარჩება თუ არა სარფი და კვარიათი პლაჟის გარეშე? – ეს კითხვა ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობის დაანონსებამ გააჩინა. ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ შესაძლოა გზის გაფართოების გამო, პლაჟი შემცირდეს, ან საერთოდ არ დარჩეს, რადგან მას ერთი მხრიდან ზღვა, მეორე მხრიდან კი კლდე ან დასახლება ესაზღვრება.

ჩქაროსნული გზის პროექტი ჯერჯერობით, არ არსებობს, ამიტომ დაზუსტებით არავინ იცის სად გაივლის ის და გახდება თუ არა რომელიმე მონაკვეთი პრობლემური. თუმცა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე პირობას იძლევა, რომ გზის მშენებლობა, საკურორტო ზონას არ დააზარალებს.

“გარანტიას ვიძლევით, რომ საკურორტო ზონა ერთ კვადრატულ მეტრსაც არ დაკარგავს”, – ეს განცხადება “ფორტუნასთან” საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ გააკეთა.

არის იმის შანსიც, რომ გზის გაფართოების აუცილებლობა არ დადგეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სარფში იმ მონაკვეთზე, რომელზეც მედიაში საუბრობენ ორზოლიანი მოძრაობაა და შესაძლოა, კვლავ ასეთივე მოძრაობა დარჩეს.

“რა მიმართულებით გავა გზა, გაივლის თუ არა ძველი გზის ღერძზე თუ შეიცვლება, ამას ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, რადგან ველოდებით პროექტს, რომელიც ჩვენ უნდა შევისყიდოთ. ტენდერი დასრულებულია, ველოდებით ხელშეკრულების გაფორმებას, წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთებას თავი უნდა ავარიდოთ. რაც შეეხება პლაჟს და საკურორტო ზონას, ამის გარანტიას ვიძლევით, რომ საკურორტო ზონა ერთ კვადრატულ მეტრსაც არ დაკარგავს, მითუმეტეს არ დაიკარგება პლაჟი”, – განაცხადა სეთურიძემ “ფორტუნასთან”.

ჩქაროსნული გზის აშენებასთან დაკავშირებით, კვლევა ზაფხულში დაიწყება. პროექტი კი დაახლოებით, ერთ წელიწადში შემუშავდება.

“როგორც კი გვექნება პროექტი, მაშინვე დაიწყება შესყიდვის პროცედურები, რაც შეეხება გზის აშენების ვადებს, ეს პროექტზე იქნება დამოკიდებული”,– განაცხადა გიორგი სეთურიძემ “ფორტუნასთან”.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები