LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

84

ქვეყნის მთავარ სატრანზიტო ავტომაგისტრალს კიდევ ერთი ჩქაროსნული  11-კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა-დღეს ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე გადაერთო.

საგზაო მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ჩქაროსნული გზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.

„ამ გზის მეშვეობით მგზავრებს საშუალება ექნებათ გვერდი აუქციონ მჭიდროდ დასახლებულ სამტრედიას და უფრო სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გააგრძელონ გზა. ეს არის კიდევ ერთი ქვეპროექტი იმ დიდი პროექტისა, რასაც საქართველოს სატრანზიტო ავტომაგისტრალის განვითარება ჰქვია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სამუშაოებში. მადლობას ვუხდი კონტრაქტორ კომპანიას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელმაც კარგი მენეჯმენტი გაუწია ამ პროექტს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და მის გუნდს, ჩვენს პარტნიორებს- იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB),“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოწესრიგებული და კომფორტული გზა მეტ შესაძლებლობას იძლევა ყველასთვის, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ ქვეყანასაც და ხალხსაც გაუჩნდება მეტი შემოსავლის წყარო .

“ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, რომელიც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, მეტი სარგებელი მიიღოს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობით და სატრანზიტო ფუნქციით. ამ გზით ისარგებლებს ყველა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესმენები, ჩვენი პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, რაც საქართველოს მოსახლეობას მოუტანს მეტ შემოსავალს,“–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირკაშვილმა ბედნიერი მგზავრობა უსურვა ყველას და განაცხადა, რომ დღეს ამ გზაზე სიმბოლურად პირველები გაივლიან ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ხალხამდე მიაქვს სახელმწიფოს სერვისი. მისივე თქმით,  ყველა სიახლე, რომელსაც მთავრობა ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის აკეთებს, ამ გზით კიდევ უფრო სწრაფად მივა თითოეულ ოჯახამდე.

ბაში-დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი – სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება. ქუთაისისშემოვლითი–სამტრედიის გზის 9  კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო  2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები,იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა. სამტრედია-გრიგოლეთის 2კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები