აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სარაკეტო იერიშების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ-ს რაკეტები მიმართული უნდა იყოს სირიაში ტერორისტებზე და არა ამავე ქვეყნის მთავრობაზე.
“ჭკვიანი რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე,”- აღნიშნავს მარია ზახაროვა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.
“რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა – მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
დღეს ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.
დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში.
https://www.facebook.com/maria.zakharova.167/posts/10216477915130094