ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ჩირიფრუტი” თბილისში საკუთარი საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, ქარხნის მოწყობა 2018 წლის ბოლომდე განიხილება.
”ჩირიფრუტის” პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ამიტომ, ვფიქრობთ, წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას და ჩვენივე ქარხნის მოწყობას. ცოტა ხნის წინ, ასევე მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, შევედით ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში”, სადაც ე.წ კუნძულზე გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი ნაწარმი. ცნობადობა ნელ-ნელა იზრდება ადგილობრივ ბაზარზე, შესაბამისად, იზრდება დაინტერესებაც”, – აღნიშნა სოფო ჯიქიამ.
მისივე ინფორმაციით, ”ჩირიფრუტის” პროდუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იყიდება, ”გალერია თბილისის” გარდა, ლესელიძის ქუჩაზე, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free-ში. იგეგმება ნაწარმის ექსპორტზე გატანაც და ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
როგორც სოფო ჩიქია ამბობს, ”ჩირიფრუტის” პროდუქციაა ხელნაკეთია, შესაბამისად, გამოირჩევა ვიზუალით. ამასთან, აღსანიშნავია ნაწარმის ხარისხი და გემოვნური თვისებებიც.
ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. ”ჩირიფრუტის” საწარმოში ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული.