საქართველოში ჩაის ინდუსტრიაში ინვესტირებით ჩინეთის მსხვილი კომპანიები ინტერესდებიან. ინვესტორები საპარტნიორო ფონდს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ საინვესტიციო წინადადებით ეწვივნენ. ჩინური კომპანიები- Beijing Jinfenghengye Agricultural DevelopmentCo., Ltd -ი და China Agricultural Scienceamd Technology Entrepreneurship and InnovationLeague TheI nternational Committee ჩვენს ქვეყანაში ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტის განხორციელების შესაძლებლობას საპარტნირო ფონდთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განიხილავენ.
როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩაის მრეწველობის დარგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. ჩინურმა მხარემ, საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს საქართველოში ჩაის წარმოების კომპლექსური, ინდუსტრიული ზონის შესახებ მსხვილ ბიუჯეტიანი ბიზნეს გეგმა და საინვესტიციო შეთავაზების დეტალები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე, საქართველოში ჩაის ინდუსტრიის აღდგენისა და განვითარების შესახებ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტის ფინანსურ მოდელზე იმსჯელეს.
ჩინელი ინვესტორების მიერ წარმოდგენილი ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საქართველოში ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენის, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტური გამოყენების, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლების, რეგიონებში დასაქმების, ჩაის დარგვისა და მოვლის კულტურის ამაღლების და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესების საკითზე გაამახვილეს ყურადღება. ჩინეთის მსხვილი კომპანიები საქართველოს, ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობების მქონე ქვეყანად განიხილავენ.
ცნობისთვის, საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს შორის ამა წლის 11 მაისს გაფორმდა.