LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩინურ მხარესთან შევთანხმდით, რომ ვაჭრობა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“

89

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცეპრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში.

გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდას.

მისი თქმით, მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან, რათა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგრძნობლად გაიზარდოს და 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

,,ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდას და, ასევე, საქართველოდან ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიმართულებით. ასევე, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ვაჭრობა, ჩვენს ქვეყნებს შორის, გაიზრდება 1 მილიარდ დოლარამდე. ამ მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, – განაცხადა გენადი არველაძემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს მსგავსი შეთანხმება აქვს გაფორმებული. მოლაპარაკება ორივე მხარის ძალისხმევით რეკორდულად მოკლე დროში – 7 თვეში დასრულდა. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ სარატიფიკაციო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც შეთანხმება ძალაში შევა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.