LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

124

„შინჰუა ნეტის“ და Silk Road Chamber of International Commerce-ის პარტნიორობით ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” იხსნება, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვით ჩინეთის სამთავრობო დონის მაშტაბურ პროექტში ქართული ღვინის პოპულარიზაცია დაიწყება.

მემორანდუმის ხელმოწერამდე, დიმიტრი ქუმსიშვილი Silk Road Chamber of International Commerce–ის გენერალურ მდივანს ლი ჭონგ ჯანგს შეხვდა.

„ახალ აბრეშუმის გზაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყანა. როდესაც ამ პლატფორმას ქმნიდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მათ საპილოტე რეჟიმში შეიძინეს ხუთი ათასი ბოთლი ქართული ღვინო, რომელიც ერთ ღამეში გაყიდეს. დღეს უკვე მათ შეკვეთილი აქვთ სამასი ათასი ბოთლი ქართული ღვინო და დაგეგმილია, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩენა ახალ აბრეშუმის გზაზე, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო 8 000 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აწარმოებს ღვინოს.

„ეს რვაათასწლიანი ტრადიცია უკვე აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი ღვინო არის საუკეთესო ხარისხის და ამას ადასტურებს ჩინურ ბაზარზე მზარდი მოთხოვნაც. შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ მოვახდინოთ ჩვენი ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია“ – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები