საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წეჯიანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრში, ქართული ღვინის მუზეუმი „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნა. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი მასალა და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა.
როგორც ლევან დავითაშვილმა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის რესპუბლიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
„ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული კულტურის მუზეუმი კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორის, ი შიაო ჯუნისა და „სინგუან ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ი შიაო ჯუნი უკვე ორი წელია ჩინეთში ქართული ღვინის სახლების ქსელს ფლობს. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ქართული ღვინის მუზეუმის გახსნა ქართული ღვინის უნიკალურობამ და ქართული კულტურის მიმართ სიყვარულმა და პატივისცემამ გადააწყვეტინა.
ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის ქართული ღვინის მუზეუმების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში – შანხაისა და პეკინში გეგმავს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია.