ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ჩინეთის ცენტრის ცნობით, 53 წლის მამაკაცი, რომელსაც მაიმუნის B ვირუსი (BV) დაუდასტურდა, პეკინში, პრიმატების შემსწავლელ ინსტიტუტში მუშაობდა და მარტში, ორი მკვდარი მაიმუნი გაკვეთა.
მამაკაცს აღენიშნებოდა გულისრევა, ცხელება და პირღებინება. ის 27 მაისს გარდაიცვალა.
„მიუხედავად იმისა, რომ მეორადი გადაცემის რისკი მინიმალურია, ადრე ჰერპესის B ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – ნათქვამია ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
მაიმუნის B ვირუსი (BV) 1932 წელს იყო გამოყოფილი და ინფიცირება მაიმუნთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად არის შესაძლებელი.
სავარაუდოდ, არსებობს ვირუსის სხვა შემთხვევებიც, რომლებიც არ გამოვლენილა.