საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო “მილენიუმ ბილტმორში“, ხვალ საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება ,,ერთი სარტყელი ერთი გზა – ქართული ბიზნესსახლის” პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია. ღონისძიების მხარდამჭერები ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობა და ჩინური კომპანია Tiangbei არიან. ღონისძიების მთავარი თემა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და ,,ერთი სარტყელი ერთი გზა – ქართული ბიზნესსახლის” ინიციატივის ფარგლებში, ჩინეთში Duty Free-ს ქართული მაღაზიების გახსნაა. შესაბამისად, ღონისძიებაში ჩინური მხრიდან ძირითადად მონაწილეობას ის დელეგატები მიიღებენ, რომლებიც აღნიშნული მაღაზიების გახსნის პროექტში არიან ჩართულები. ღონისძიების მიზანი პროდუქციის ჩინეთის მიმართულებით ექსპორტში ქართველი მეწარმეების ხელშეწყობაა.
ფორუმის ფარგლებში, ხვალვე, 13:00-ზე გაიმართება ქართული პროდუქციის გამოფენა, სადაც ბიზნესსექტორს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ დაიკავოს სტენდები და დელეგატებს საკუთარი წარმოებული პროდუქტი წარუდგინოს.
„ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლობის მიერ დაიგეგმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 2017 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. წარმომადგენლობის მუშაობის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესწრეებს შორის კომუნიკაციების დამყარების ხელშეწყობაა. მოხარულები ვართ, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ქართველი მეწარმე ინტერესდება ჩინური ბაზრით და იაზრებს იმ პერსპექტივებს, რომელიც მას გააჩნია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.