ჩინეთის რესპუბლიკამ უცხოელ მწარმოებლებს ყველა შეზღუდვა გაუუქმა, ეს კანონი მთავრობამ 2018 წელს მიიღო და ძალაში მხოლოდ ახლა შევიდა. მანამდე კი უცხოელ კომპანიებს ჩინეთში ავტომობილების წარმოება მხოლოდ ადგილობრივ კონცერნებთან შეამხანაგებით შეეძლოთ. თანაც უცხოელი მწარმოებლის წილი 50%-ზე მეტი ვერ იქნებოდა.
გამოცემა GM Authority-ის ინფორმაციით, წარმოების ასეთი სქემა ხელისუფლებამ იმისთვის მოიფიქრა, რომ უცხოელი კომპანიების კაპიტალთან ერთად მათი ტექნოლოგიებიც მოეზიდა. ბუნებრივია, ჩინელ მწარმოებლებთან პარტნიორობის დროს ევროპელებსა და ამერიკელებს ბევრი ნიუანსის გამხელა უწევდათ. შედეგად ჩინელებმა თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე წვდომა მოიპოვეს და ავტოწარმოებაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს.