„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა. ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა ისაუბრა.
რომელმა კომპანიებმა მიიღეს გამოფენაში მონაწილეობა?
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE) გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონში იყო წარმოდგენილი, დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის – ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი.
რისი საშუალება ეძლევათ კომპანიებს ასეთ გამოფენებზე?
უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა სააგენტოს ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან.
შანხაის ექსპო ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია ამ მხრივ. იცით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა და უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩინეთთან.