ჩინეთიდან ქათმისა და ღორის ხორცის იმპორტი შემცირდა. როგორც ”ფორტუნას” შპს ”TSZ Group”- ის დამფუძნებელმა და დირექტორმა თეიმურაზ ზარნაძემ განუცხადა, 2015 წელს მისმა კომპანიამ, ლარის კურსის დევალვაციიდან გამომდინარე, დიდი ზარალი ნახა.
”ჩინეთში 3 ქარხანასთან ვთანამშრომლობ, საიდანაც ქართმისა და ღორის ხორცი ჩამომაქვს. 2015 წელს იმპორტი სულ მცირე 30%-ით შემცირდა, რის გამოც დაახლოებით 400 ათასი დოლარის ზარალი ვნახე”, – აღნიშნა ზარნაძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია იმპორტირებულ ხორცს ქარხნებში აბარებს, სადაც ამ ხორცისგან პროდუქტს ქმნიან.
”ვთანამშრომლობ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ვაკე, ივერია, მარშე, მითანა და სხვა. ჩინურ ხორცზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პირველ რიგში იმიტომ, რომ არის მაღალი ხარისხის და სერტიფიცირებულია. გარდა ამისა, ფასებიც შედარებით იაფია”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ”TSZ Group”-ი იმპორტის გარდა ჩინეთთან ექსპორტზეც მუშაობს. როგორც თეიმურაზ ზარნაძემ აღნიშნა, მის კომპანიას ჩინეთში კახური ღვინო გააქვს, თუმცა ლარის კურსის გამო, საექსპორტო პროდუქციის მოცულობაც 50% – ით შემცირდა.