LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „პროვოკაციული ქმედებებისთვის“ სანქციებს უწესებს, საპასუხოდ ჩინეთის ელჩს თეთრ სახლში იბარებენ

91
ნენსი პელოსი

Bloomberg -ის ინფორმაციით, ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების“ საპასუხოდ სანქციებს უწესებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის სანქციები აამოქმედეს პელოსის წინააღმდეგ.

ტიპური „ამერიკული ღიმილი“ სარკასტული პოლიტიკის მიღმა – ვინ არის ყველაზე გავლენიანი 82 წლის ნენსი პელოსი

როგორც საერთაშორისო მედია წერს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის მქონე ქალი პოლიტიკოსია. 

ქვეყნის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ჩინეთის სერიოზული შეშფოთებისა და მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, ნენსი პელოსი  ტაივანს მაინც ეწვია. მათივე შეფასებით, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ჩინეთის საშინაო საქმეებში სერიოზულად ერევა და „ერთი ჩინეთის“ პრინციპს არღვევს.

„სერიოზულად ძირს უთხრიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არღვევდა ერთი ჩინეთის პრინციპს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტაივანის სრუტის მშვიდობასა და სტაბილურობას.

პელოსის მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, ჩინეთმა გადაწყვიტა სანქციების დაწესება პელოსისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კანონების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, The Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს.

გამოცემის თანახმად, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბმა განაცხადა, რომ ელჩის დაბარება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციულ ქმედებებს“ უკავშირდება.

„გასულ ღამეს ჩინეთის ქმედებების შედეგად, ჩვენ დავიბარეთ ელჩი თეთრ სახლში, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს – შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე.“– განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა, 3 აგვისტოს კი ტაივანის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები