ჩინეთი მიესალმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, პეკინში გამართულ საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება განიხილეს. კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, ორივე ქვეყანა განახორციელებს ღონისძიებებს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. პრიორიტეტულ საკითხებს შორის მოხვდა ასევე ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა და პოპულარიზება.
როგორც კომისიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, მხარეებმა განიხილეს ბევრი ისეთი საკითხი, რომლებმაც, ერთობლიობაში, ქვეყანას დამატებითი შემოსავლები და სამუშაო ადგილები უნდა მოუტანოს.
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კონსორციუმების წარმომადგენლებსაც შეხვდა.