ბეიჯინგის სასამართლომ განქორწინების შემდეგ მამაკაცს ყოფილი ცოლის შრომის ანაზღაურება დააკისრა, რომელსაც იგი ქორწინების განმავლობაში ეწეოდა საოჯახო საქმიანობის სახით. ქალბატონი ყოფილი ქმრისგან ხუთწლიანი ქორწინების განმავლობაში შესრულებული საოჯახო საქმიანობისათვის 50 000 იუანს მიიღებს ($7,700; ).
ჩინელმა მამაკაცმა, გვარად ჩენგმა თავის ცოლთან, ქალბატონ ვენგთან განქორწინება გასულ წელს გადაწყვიტა. პროცესის მიმდინარეობისას ქალბატონმა ქორწინების განმავლობაში გაწეული საოჯახო საქმიანობისათვის კომპენსაცია მოითხოვა. ვენგის თქმით, მეუღლე მას არასდროს ეხმარებოდა საშინაო საქმეებში და არც მათი შვილის მოვლაზე ზრუნავდა დიდად.
სასამართლომ ქალის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ის ყოფილი ქმრისგან ერთჯერადად 50 000 იუანს მიიღებს, გარდა ამისა ბატონ ჩენს ყოფილი ცოლისათვის ყოველთვიურად 2000 იუანის ოდენობის ალიმენტის გადახდაც მოუწევს.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი აალაპარაკა სახლში გაწეული შრომის დაუფასებლობაზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ხუთწლიან შრომასთან შედარებით სასამართლოს მიერ დადგენილი საფასური ძალიან ცოტაა. „დაუჯერებელია, რომ 50 000 იუანი ხუთწლიანი შრომის საფასური იყოს მაშინ, როდესაც ბეიჯინგში მხოლოდ ძიძის აყვანა ჯდება უფრო ძვირი ერთი წლის განმავლობაში.“- წერენ იუზერები.
„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (OECD) მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ჩინელი ქალები ყოველდღიურად დაახლოებით 4 საათს უთმობენ საშინაო საქმეებს, ანუ ეწევიან აუნაზღაურებელ შრომას. რაც უფრო ნაკლებად განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალია იქ აღნიშნული მაჩვენებელი.