უკიდეგანო ბოროტებაა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი კობახიძის, მიხეილ სარჯველაძის და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ – ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომელთაც ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლე არ უხარიათ, სწყინთ! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, პირები, რომლებიც შოვის სტიქიის დროს საკუთარი ქმედებების შედეგად გადარჩნენ, „ქართული ოცნების“ იმ სცენარში არ ეწერებიან, რომლის მიხედვით, ადამიანები სტიქიის არეალში მომენტალურად დაიღუპნენ.
„რეალურად კი, არიან ადამიანები, რომელთაც ღვარცოფში რამდენიმე საათი გაძლეს, გადაირჩინეს თავი და გადაარჩინეს ახლობლები. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ არავის გადარჩენა არ შეიძლებოდა. გადარჩენილთა მონაყოლი სწორედ ამასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მსხვერპლებს თავს დაესხნენ და მათი დისკრედიტაცია მოახდინონ. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რატომ გადარჩით და ლამის ბოდიში მოახდევინონ ადამიანებს იმის გამო, რომ გადარჩნენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე შეფასებით, შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ეჭვია, რასაც „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს.
როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, კრიზისზე ხელისუფლების პასუხი არაადეკვატური, არაეფექტური და დაგვიანებული იყო.
„ინტერპელაცია საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ბერკეტია და ეს ბერკეტი გამოსაყენებელია. რა თქმა უნდა, ინტერპელაციის პროცესში ჩართული ვიქნებით – შს მინისტრმა უნდა უპასუხოს პროცესში მის ჩართვასთან დაკავშირებულ კითხვებს, რამდენად ეფექტური და ადეკვატური იყო, განსაკუთრებით ბევრი კითხვა შს მინისტრის არაადეკვატურმა განცხადებებმა გააჩინა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.