აზერბაიჯანულმა ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მა ჩიკაგო–თბილისი–ბაქოს საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ ჩიკაგოდან თბილისის მიმართულებით პირველი სატვირთო რეისი უკვე განახორციელა და ჩიკაგოდან თბილისში 9 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება უზრუნველყო.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებულ ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი ბაქოში, შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.