„ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის კლანების ბრძოლა,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.
რატიანის თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარეობს ინტერესთა ბრძოლა და ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი გარიცხული დეპუტატი.
„ვფიქრობ, რომ ჭიჭინაძე არ იქნება უკანასკნელი, ვისაც ან დაატოვებინებენ, ან დატოვებს პარტიას, ამ პროცესს ჩვენ ყველა ვაკვირდებით,“ – ამბობს რატიანი.
დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ 19 ივლისს მიიღო. ჭიჭინაძეს პარტია ბოლო დროს თანაგუნდელების მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო დაატოვებინეს.