„სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ ადგილას გაიჭედა და არ იღებდა რეალობას, ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, რომ არარეალისტური სურათები გვეხატა, ერთხელ მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რადიო „სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენ ხომ ვიცით, რომ სასამართლო პრობლემა იყო, ხომ გვინდა სასამართლოს გამოსწორება, რადგან იმ არჩევნებსაც ხომ წავაგებთ, როცა იქნება და არ მინდა, პოლიტპატიმარი ვიყო შემდეგ ვადაში.
არც ის არ მინდა, „ქოცები“ გასამართლდნენ და პოლიტპატიმრები ერქვათ და ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება რომ გააკეთო, ჯერ ის პრობლემა უნდა დაინახო, რაც გქონდა.
სააკაშვილი კი არ გვაძლევდა ამ პრობლემებზე ლაპარაკის საშუალებას. ანუ ყველაფერში მართალი იყო. სულელი ხარ, თუ ყველაფერში მართალი გგონია თავი.
„რაც მიშას სჭირს, ამაში უპირველესად მიშაა დამნაშავე.. ზურგის ქარი მისცეს თავის გაფარჩაკებაში“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
„რეალობაზე გაბრაზდა, რეალობას აღარ იღებდა და თავის მოგონილ რეალობაში იკეტებოდა - რომ თითქოს ის ზებუნებრივი მოვლენაა, რომ მას ყველა ეთაყვანება და ვინც მას არ ეთაყვანება, ყველა პუტინის აგენტია“
მე 2012 წელსაც ვიცოდი, რა იყო სააკაშვილის პრობლემები. 2013 წელს სიტყვა მემკვიდრეობა ვახსენე და გამოქვეყნებულ კადრებში სანიტრებს როგორც ესროდა რაღაცებს, ნანახი მაქვს მე ეგ, რადგან მე მესროლა ქაღალდები და რაც ხელში მოხვდა.
მემკვიდრეობა რომ ვუხსენე, მიწას მაყრიო, გამიბრაზდა, ისტერიკაში ჩავარდა და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად არის და არ არის კარგად. მაშინვე დავიწყე ამაზე მუშაობა.
გიგასთან მივედი და ვუთხარი, რომ ცუდად არის. ასე არ ყოფილა აქამდე. მარტო არ ვიყავი მაშინ ოთახში, ეს რომ დაემართა.
ფსიქოლოგიურად გაიჭედა ძალიან ცუდ ადგილას და არ იღებდა რეალობას. ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს, ითხოვდა, რაღაც არარეალისტური სურათები გვეხატა მისთვის. ერთხელ მითხრა, შენ არ გესმისო. მე მოცარტი ვარ და გიგაზე თქვა – სალიერიო.
არ იღებდა რეალობას, რომ ვუხსნიდი, არის ხალხი, რომელიც შენ მხარს გიჭერს და ამაზე მეტი ხალხი არის, რომელიც მხარს არ გიჭერს-მეთქი.
გასაგებია, რომ გინდა, მოიგო მათი გულები, მაგრამ თუ არ აღიარე, რომ ახლა მხარს არ გიჭერს, გულსაც ვერ მოიგებ. ჩვენ მარტო დავრჩით მაგ ამბავში.
მე გვარამიასთან, ირმა ნადირაშვილთან, მელიასთან დავრბოდი და ვიძახდი, რომ ეს კაცი საკუთარი თავისგან არის გადასარჩენი და არ წაგაქციოთ, კედელი გაუკეთეთ, რადგან კედელს თუ გაუკეთებ, დაეჯახება და უკან წავა.
ანუ ინფანტილურია მიშა და იქამდე ტირის, სადამდეც გასდის. ეს ვერ ავუხსენი და წააქცია ხო მელია, გვარამია. ამ ყველაფერში მე გავატარე ოთხი წელი.
გიგა გამალებული ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიზაციას, რომ წესებზე აგებულიყო პარტია და არა ბელადის ახირებებზე“. – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.