ჩვენ ვსტუმრობთ მეგობრებს მოძმე უკრაინაში, რათა დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოა ერთმანეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად მასპინძლობისთვის.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინელი ხალხის არჩევანს.
„ჩვენ ვეწვიეთ ჩვენს მეგობრებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერდება ამ დღეებში, ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხები უფრთხილდებიან და სწორედ ამიტომ ჩამოვედით ჩვენ კიევში, რათა გამოგვეთქვა სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებისთვის და ვმდგარიყავით უკრაინელი ხალხის გვერდით.
რთულია სიტყვებით აღწერო ის რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, ირპენსა და კრამატორსკში. თუმცა არსებობს ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომლის შესახებაც ჯერ არავის მოუსმენია.
რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელების არჩევანს.
ჩვენ ქართველებს ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება, ჩვენი საკუთარი “ბუჩები” 1990 – იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა.
რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ამ ყველაფრის ნახვა ჩვენ ამავე დროს აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სიმამაცით, ერთიანობითა და გმირობით. ეს მსხვერპლი დარჩება სიმამაცის მაგალითად მომავალი თაობებისთვის. ” – ამბობს პაპუაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინაში ჩასულ პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.