LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, გიჟდებოდა ხოლმე… თავს არ მოიკლავდა, არ გამიმეტებდა ასე” – გარდაცვლილი პროგრამისტის დედა “ფორტუნასთან” საუბრობს

2245
FORTUNA.GE (20)

“სრულ ვაკუუმში ვარ, ველოდები გამოძიებას. ჩემი შვილის სიკვდილის მერე არაფერი გამიგია, რა ხდება, რა პროცედურები ტარდება”, – ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც გარდაცვლილის დედა გვიყვება, თამარ ბაჩალიაშვილი ბოლო პერიოდში ფსიქოლოგთან დადიოდა, თუმცა პრობლემებზე არც მასთან უსაუბრია.

“არ ვიცი რატომ მოხდა ეს, ან საერთოდ ჩემს თავს თუ მოხდა ვერ ვიაზრებ ჯერ. თვითმკვლელობის ვერსიას ასე, უმიზეზოდ კატეგორიულად გამოვრიცხავ, თვითმკვლელობამდე შესაძლებელია მიიყვანეს. ბოლო დროს, მოწყენილი რომ იყო, ვურჩიე გადაღლილი ხარ, ფსიქოლოგთან მიდი-მეთქი. მე რომელი ექიმიც ვურჩიე არ უნდოდა, თვითონ მოძებნა, ასე მითხრა, პროფესიონალია, საუკეთესო ბავშვთა ფსიქოლოგიაო. მე მიმალავდა ვინ იყო, იცოდა როგორი დედა ვიყავი,  წავიდოდი მოვნახავდი, გამოვიკვლევდი და ეს არ უნდოდა. ფსიქოლოგი უნდა მიმხვდარიყო რა სჭირდა, ისე უნდა გამოეკითხა, რომ გაეგო ბავშვის მდგომარეობის მიზეზი, ათასი ტესტი თუ სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, მეგონა თვითონ გამოხატავდა ინიციატივას როგორც ქალი, დედა, დამიკავშირდებოდა, მომაკითხავდა და დამამშვიდებდა, თუმცა ასე არ მოიქცა. მე არც სახელი და გვარი ვიცი ამ ქალბატონის, ტელევიზიით გავიგე საერთოდ რომ იპოვეს, მისულა გადაცემაში, თუმცა მე არ მინახავს, ათას ჭორს და მართალს მეუბნებიან და რა დავიჯერო აღარ ვიცი”, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

თამარის დედა ვარაუდობს, რომ გოგონა რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა, რომლისგან მშობლების დასაცავადაც თავი გაწირა. მისი თქმით, თამარს სიცოცხლე უყვარდა და უამრავი გეგმა ჰქონდა, ამიტომ დაგეგმილად თავს არ მოიკლავდა.

“თამარს სიცოცხლე უყვარდა, ამბიციური გოგონა იყო, ყველაფერი უნდოდა, რომ მოესწრო, ათას რამეს გეგმავდა. ყვავილები, ბავშვები უყვარდა, მე მაღმერთებდა, გიჟდებოდა ჩემს თვალზე ცრემლს თუ დაინახავდა, ასე ამიტომ არ გამიმეტებდა. თვითმკვლელობამდე თუ მიიყვანეს, მაშინ რას იზამდა, სხვა გამოსავალი ვერ ნახა ბავშვმა, რაღაცისგან დაგვიცვა… მამამისი ეხვეწებოდა, მითხარი შვილო თუ რაიმე პრობლემა გაქვს, მე მოგიგვარებო და არ ეუბნებოდა. რაღაცას მალავდა ბავშვი და რას დღემდე ვერ გავიგე. სამსახურის შესახებ არასოდეს მიყვებოდა. ერთხელ ვაკეში ვიყავით ერთად და ვუთხარი შენი სამსახურის შენობა მაჩვენე-მეთქი, ასე მიპასუხა: შენობაა რა დედა, რაში გაინტერესებსო. კომპანიის სახელი, სადაც თამუნა მუშაობდა, მისი სიკვდილის შემდეგ გავიგე. იმ დღეს, როცა ბოლოს გავიდა სახლიდან, მეზობელმა ნახა, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ისე ლამაზად გამოიყურებოდაო, მითხრა. ისეა გასული სახლიდან, რომ ჩემს მისვლამდე უნდა დაბრუნებულიყო. დილით ამდგარა, უსაუზმია, ჭურჭელი დაურეცხავს და დაულაგებია ყველაფერი”, – ამბობს გოგონას დედა.

 

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ გოგონას ცხედარი საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროში, მაგისტრალთან ახლოს ტყეში იპოვეს.  დაკარგულის ავტომობილი კამერებმა ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საბოლოოდ კი გოგონას ავტომობილი მწყემსმა აღმოაჩინა.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.