LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს შვილს ოცნებები ოცნებამ წაართვა” – თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ემოციური გამოსვლა [ვიდეო]

MACHALIKASHVILI

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ, აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია მოკლული ახალგაზრდის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, მისი მოთხოვნები უცვლელია.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, აქ რამდენი ხალხი მოიყრის თავს, რამხელა მასა იქნება. ამ სამი თვის განმავლობაში, რაც მე და ზაზა აქ ვართ, უამრავი ადამიანი მოდის და მხარს გვიჭერს, მაგრამ ხდება რაღაც მიზეზების გამო, რომ ისინი არ გამოდიან აქციაზე.

გუშინდელი და დღევანდელი დღე ჩემთვის მართლა გაუსაძლისი და მტკივნეული აღმოჩნდა.

არაფრის გამო, ამ სისტემას ემსხვერპლა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს არის დანაშაული, რომელზეც სისტემაში მყოფ ადამიანებსაც უჭირთ საუბარი. იმიტომ რომ ამათ მოკლეს ბავშვი თავის მშობლების წინ, თავის საძინებელში მძინარე.

მოკლეს ამერიკული იარაღით „ზიგ ზაუერით“. მაგ ტყვიით დაჭრილი ადამიანი ერთ წამსაც არ ცოცხლობს.

როგორც ორი-სამი დღის წინ ჩიმაკაძემ განაცხადა, თემირლანმა დაჭრის მერე ყუმბარის გამოყენება სცადაო… ეს ბინძური ჭორები და ტყუილები უკვე ხალხს მობეზრდა.

დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ თემირლანი 20 წლის გახდებოდა. ვერაგულად, ყაჩაღურად, ღალატით, შემომიცვივდნენ ჩემს ოჯახში და იქნა დახვრეტილი თემრილან მაჩალიკაშვილი,“ – განაცხადა აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ამ დანაშაულების მიღმა, ამ ხელისუფლებას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე სამი თვეა დამნაშავეების დასჯას ზაზა სარალიძესთან ერთად ითხოვს და აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, აქციებს არ შეწყვეტენ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა, თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც.

“ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება, ძირს ეს ოცნების ხელისუფლება, ძირს ეს სისტემა. არა მკვლელებს, არა ბანდიტებს, არა ყაჩაღებს! მკვლელებო! თქვენი ადგილი ციხეშია” – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ და აღნიშნა, რომ მას შვილს ოცნებები “ოცნებამ” წაართვა.

თემირლანის დედამ მიმართა ირმა ინაშვილსაც, რომელიც თავისუფლების მოედანზე ამ აქციის პარალელურად, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო აქციას მართავს.

“თუ გული გაქვთ, ადამიანობა გაქვთ, დღეს ყველა ჩემს ადგილას იქნებოდით. გავიგე აქ რაღაც აქცია იმართება ინაშვილისგან. ირმა ინაშვილო, შენ იყავი პანკისში, რომ მწუხარებას იზიარებდი. ყოჩაღ შენს ქალობას! ყოჩაღ შენს დედობას! თუ ნამდვილი დედა ხარ, შენი ადგილი ჩემს გვერდით არის. ყველა დედა ვალდებულია, შვილმკვდარ დედასთან იყოს გვერდით და ანუგეშოს ყველა დედა. რის გულისთვის წამართვით, ერთადერთი ანგელოზივით შვილი? გომელაურო, როგორც შენ გიყვარს შენი ლუკა, ისე მიყვარდა ჩემი თემირლანი, აღიარეთ დანაშაული, თუ გყოფნით ვაჟკაცობა.

ჩემი შვილი, რომ დანაშაულში ყოფილიყო გარეული, სირცხვილით ხმას ვერ ამოვიღებდი,” – განაცხადა თემირლანის დედამ.