ტურინის „იუვენტუსმა“ პირველი დავალება წარმატებით გადაჭრა და იტალიის თასი მოიგო – „ბებერმა ქალბატონმა“ ქვეყნის ისტორიაში მეთორმეტედ და ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა. ასეთი შედეგი კი კოპა იტალიაზე არავის აქვს.
„იუვენტუსმა“ „ლაციოს“ ისე მოუგო, შანსი თითქმის არ მიუცია. ტურინელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და მალევე გადაწყვიტეს მატჩის ბედი.
ბოლოს კი, იყო ტურინელთა ზეიმი მარადიულ ქალაქში და თასის აღმართვა. მოგეხსენებათ, „იუვენტუსს“ მიმდინარე სეზონში კიდევ ორი ამოცანა აქვს შესასრულებელი: სკუდეტო (რომელიც ფაქტობრივად განაღდებულია) და უფრო რთული და მნიშვნელოვანი – ჩემპიონთა ლიგა.
„იუვენტუსი“ – „ლაციო“ 2:0 (2:0)
რომი, „სტადიო ოლიმპიკო“, 70 000 მაყურებელი
„იუვენტუსი“: ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, რინკონი, მარკიზიო, ალექს სანდრო; დიბალა (ლემინა 78), მანჯუკიჩი; იგუაინი
გოლები: 1:0 დანი ალვეში (12), 2:0 ბონუჩი (25)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (9) – 13 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:3
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “სელტა” 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა.
უკვე მე-10 წუთზე კრიშტიანო რონალდომ გახსნა ანგარიში. მეორე ნახევარი გაცილებით შედეგიანი გამოდგა და მაყურებელმა ოთხი გატანილი გოლი იხილა. 48-ე წუთზე რონალდომ დუბლი გაიფორმა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა (62-ე წუთზე ასპასი საეჭვო სიმულაციისთვის გააგდეს) მაინც გაიტანეს, მაგრამ დარჩენილ დროში ორი ბურთი ისევ „რეალმა“ გაიტანა: თავი ბენზემამ და კროოსმა გამოიჩინეს.
”რეალმა” 90 ქულა დააგროვა და ”ბარსელონას” 3 ქულით გაუსწრო. ბოლო ტურში მადრიდული გრანდი გასვლაზე “მალაგას“ დაუპირისპირდება და ერთი ქულაც ყოფნის.
„სამეფო კლუბმა“ ზედიზედ 63 მატჩში მოახერხა გოლის გატანა და ამით საერთო ევროპული რეკორდი დაამყარა.
საფრანგეთს კი ახალგაზრდა, სიმპატიური და ყოჩაღი ჩემპიონი ყავს – „მონაკო“.
მონეგასჯებმა „სენტ ეტიენი“ 2:0 დაამარცხეს და პსჟ-თვის მიუწვდომელები გახდნენ.
კილიან მბაპემ სეზონში მე-15 გოლი გაიტანა და 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ეს შეძლო ევროპის ტოპ-5 ლიგებში.