LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა შვილმა ხუმრობით მითხრა, ოჰო, 9 აპრილის გმირები ევროკავშირს დაეხმარეთო“ – ნანა მახარაძისა და ლელა ვეფხვაძის ემოციური ისტორია

146
Untitled design

9 აპრილის აქციების მონაწილე ნანა მახარაძე, რომლის ფოტოც 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, სოციალურ ქსელში მკითხველს ემოციურ ამბავს უზიარებს.

„სულ მეგონა, რომ ამ ფოტოზე გოგოს საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში…თურმე ჯოხზე დამაგრებული შავი ნაჭერი ყოფილა 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის ნიშნად” – რას წერს მერაბ მეტრეველი

ნანა მახარაძე იხსენებს, თუ როგორ დაუბრუნეს მან და 9 აპრილის კიდევ ერთმა გმირმა – ლელა ვეფხვაძემ, დაკარგული საფულე მფლობელს:

„ზარი ტელეფონზე…

„ჩემი ლელიკო“ – ასეთი ხმამაღალი რეაქცია მაქვს, როცა მის ნომერს ვხედავ და შინაგანად სულ მიხარია.

-მარი, ჩემო ძვირფასო, საფულე ვიპოვე, იტალიური პირადობით და საბანკო ბარათებით, შიგნით საქორწილო წვრილი ოქროს რგოლია. მეტროდან გირეკავ, აქ უცნობს ვერავის ვენდობი. შენ ხომ იცი იტალიური, იქნებ თავი მოვაბათ ამ საქმეს და პატრონი ვიპოვოთ. ნახევარი საათის საქმე მაქვს და წერეთლის მეტროსთან შევხვდეთ, თუ დრო გაქვსო…

ზუსტად 40 წუთში ვისხედით ორი „შერლოკ ჰოლმსი“ წერეთლის მეტროსთან და საბუთებს ყურადღებით ვეცნობოდით. ლელა წუხდა, კარგად ვერ ვხედავ და ახალგაზრდა ბიჭიაო? ნეტავ ამ ბეჭდის პატრონი ვინ არისო?

საქორწინო ბეჭედს კი შიგნიდან ამოტვიფრული ჰქონდა სახელი „ოლგა“.

ფეისბუკზე მოვძებნეთ, ვიპოვეთ და მივწერეთ, თუმცა პასუხი არ იყო…

საბანკო ბარათით მივადექით თიბისი ბანკს, მაშინვე გადასცეს უსაფრთხოების წარმომადგენელს და ზუსტად 2 წუთში დაგვაკავშირეს საბუთების პატრონს. შევთანხმდით, რომ წერეთლის მეტროსთან შევხვდებოდით.

მოვიდა „ჩვენი“ იტალიელი, ქართველ მეგობართან ერთად. გავარკვიეთ ყველაფერი, გავისაუბრეთ იტალიელ სტუმართან, რომელსაც საქართველო ძალიან მოსწონს და აქ ცხოვრება გადაუწყვეტია, მე ავუხსენი, როგორ გაუმართლა, რადგან მისი საფულის მპოვნელი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლო იყო, ვუთხარი, რომ ჩემი მეუღლეც იტალიელია და აქ ცხოვრობს…

დიდხანს გაგრძელდებოდა საუბარი, რომ არა პოლიციელის შენიშვნა „აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება“…

ერთი სიტყვით, კმაყოფილები დავიშალეთ ორივე მხარე. ლელა ბრწყინავდა, ისე უხაროდა. დამშვიდდა, რომ მოგვარდა საქმე და სადარდებელი არ ექნებოდა.

სახლში მივიპატიჟე, მაგრამ ისევ მეტროში სამუშაოდ უნდა დავბრუნდეო, მიკროფონი და დინამიკი იქვე დავტოვე, მივბრუნდები და ჩემ საქმეს გავაგრძელებო…

წავიდა. მე დიდხანს ვუყურებდი როგორი რიხიანი ნაბიჯებით მიაბიჯებდა, ხელებით მოსინჯა მეტროში შესასვლელი უზარმაზარი შუშები, გასასვლელი იპოვა და თავაწეული შეუერთდა ზღვა ხალხს…

სახლში დაბრუნებულმა მოვყევი დღის ამბავი.

ჩემმა შვილმა ხუმრობით მითხრა: „ოჰო, 9 აპრილის სიმბოლოები ევროკავშირს დაეხმარეთო“…

ევროკავშირამდე კიდევ ბევრი გვაქვს სავალი… ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი „რიხიანად“ მიმავალ ლელას რომ ვუყურებდი, ჩემთვის ყველაზე მამაც ქალბატონს, რომელიც დღესაც მეტროში მღერის და ამ ცხოვრებასთან ისევ ბრძოლა უწევს.

ადამიანობას, გულიანობას, თანადგომას, სხვისი ტკივილის გაზიარებას, სიკეთის კეთების სურვილს „კავშირები“ არ სჭირდება.
ქართველების ერთმანეთთან „კავშირი“ კი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, რათა ჩვენც ღირსეულად ვიდგეთ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ გვერდით.

სულ ესაა ჩვენი სასაუბრო და საფიქრალი თემა, როცა ორი მეგობარი ერთმანეთს ვხვდებით“, – წერს მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში.

 

ზარი ტელეფონზე…
,,ჩემი ლელიკო,, -ასეთი ხმამაღალი რეაქცია მაქვს, როცა მის ნომერს ვხედავ და შინაგანად სულ მიხარია Lela …

Posted by მარი ნანა მახარაძე on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023

 

ნანა მახარაძე: ეს 19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს… ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე და თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები