“ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია. ის რა განცხადებებსაც აკეთებს, გთხოვთ, მისგან აიღოთ ინტერვიუ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს ბრიფინგზე, კოვიდვაქცინებზე საუბრის დროს განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ეს რეპლიკა უკავშირდება მისი შვილის, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
ორი დღის წინ ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობდა:
“ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ, ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არა მარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.
ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არ მგონია, რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.” – ამბობდა ნიკოლოზ გამყრელიძე.
ამ მიმართვას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტი ეკატერინე ტიკარაძეც:
“ამ კრიტიკას არ ვიღებ. ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი. ჩვენ ვმუშაობთ, საბჭოს ფორმატში ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და იმ საკითხსაც – მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს გლობალური პანდემიის დროს თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავაში ელოდებოდეს, ვაქცინას მისცემენ თუ არა – ჩვენ თვითონ როგორმე ერთობლივად გადავწყვეტთ მთავრობაში.” – თქვა მინისტრმა.
რაც შეეხება დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე გაკეთებულ განცხადებებს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოვა:
“ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ის იქნება, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, იყოს ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რადგან ეს არის ხარისხის უმაღლესი თამასა.
გვიან გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულზე რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა მიიღებს ავტორიზაციას. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჩვენ კოვაქსინდან მილიონ 400 000 გვაქვს და ამას მივიღებთ დიდი ალბათობით, დამატებით ორნახევარი უნდა მოვიპოვოთ და ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.” – განაცხადა გამყრელიძემ.