რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე რეკომენდაციით გამოდის, რომ სასწავლო პროცესი შედარებით ადრე შეწყდეს და საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადდეს.
ამის შესახებ ტაბიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა განაცხადა.
“ბავშვთა მიმართულებით აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი ამ ბოლო პერიოდისთვის რაც შეიძლება სწრაფად დაიხუროს იმიტომ, რომ ამას მოსდევს შემდგომში უკვე არდადეგები.
ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, ცოტა ადრე შევწყვიტოთ სწავლა და გადავიდეთ იმ არდადეგებზე, რომელიც მოდის. ეს გარკვეულ პერიოდს მისცემს იმას, რომ კონტაქტი უფრო ნაკლები იქნება, ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია, იმიტომ, რომ ნახევარზე მეტი სკოლა, ნახევარზე მეტი კლასი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში ორი კვირა ძალიან სერიოზული და რთული პრობლემებია, მით უმეტეს, რომ ბავშვები, ამ შემთხვევაში, ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან”, – განაცხადა ტაბიძემ.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო სრულად მართავს სიტუაციას სკოლებში, ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში მიმდინარეობს და საგაზაფხულო არდადეგების დაგეგმილზე ადრე გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენისთანავე, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლა ან ცალკეული კლასი მყისიერად გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე;
გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან სკოლების მონიტორინგიც გრძელდება.
შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას – ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 10 894, ხოლო გარდაიცვალა 55 ადამიანი.