„გასაღები იმისა, თუ სად უნდა ვეძებოთ ჩვენ ნდობის სიმყარე და ნდობის სიმტკიცე და სად გადის ზღვარი, არის ჩემი აზრით გამჭვირვალობა, პროცესის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე“, – ამის შესახებ განცხადება ცესკოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნდობა და მყარი რეპუტაციაა მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და ეს უმთავრესად პროცესების გამჭვირვალობით მიიღწევა.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა დააზღვიოს საარჩევნო ადმინისტრაცია რეპუტაციული რისკებიდან და გამოწვევებიდან, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.
„გასაღები იმისა, თუ სად უნდა ვეძებოთ ჩვენ ნდობის სიმყარე და ნდობის სიმტკიცე და სად გადის ზღვარი, არის ჩემი აზრით გამჭვირვალობა, პროცესის გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე. ღიაობის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კომპეტენციების განვითარება და უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ვინაიდან ჩვენი სერვისების მთავარი მომხმარებელი და ჩვენი მთავარი მომხმარებელი და ჩვენი მთავარი საკვანძო სეგმენტი არის ამომრჩეველი, ისევე როგორც ყველა ჩართული მხარე, რა თქმა უნდა. ნამდვილად თავს არ დავზოგავ მე იმისთვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომები ნებისმიერი ჩართული მხარისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტში კენჭისყრის დროს მრავალპარტიული მხარდაჭერა არ ჰქონდა. გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ მისი პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ არსებობს კითხვის ნიშნები.
„ვგულისხმობ იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის 13 წლის განმავლობაში, 2008 წლიდან, ხაზს ვუსვამ, სხვადასხვა თავმჯდომარის პირობებში, სხვადასხვა მთავრობების პირობებში, ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის განმავლობაში, სადაც ძალიან დიდი საარჩევნო გამოცდილება დამიგროვდა, არ ყოფილა არც ერთი კითხვის ნიშანი ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩემს დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით, ჩემს რაიმე მიკერძოებასთან დაკავშირებით, პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.