LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ინიციატივა იყო, ავუხსენი, რომ შრომა დაბადებისთანავე იწყება – გავრცელებული ინფორმაციით, მერიის საპირფარეშო ჩხოროწყუელ მოსწავლეებს დაასუფთავებინეს: მიმდინარეობს გამოძიება

153
BeFunky-collage

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები, დირექციის თანხმობით, ადგილობრივ მერიაში მიიყვანეს და მათ საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

როგორც ის წერს:

“პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა”.- აღნიშნულია გავრცელებულ პოსტში.

მოგვიანებით ადგილობრივმა მედიასაშუალება “ათინათმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ფაქტი დაუდასტურეს ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრშიც.

რადიო “ათინათს” ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მან აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა დასუფთავების ამსახველი ვიდეო გაუგზავნა.

საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია ამბობს, რომ ფაქტის შესახებ სამინისტროს უკვე ეცნობა და მიმდინარეობს საქმის მოკვლევა:

“ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ, რანაირად. პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი იმას, რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ, გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა.” – ამბობს ლია ჯალაღონია “ათინათთან” საუბრის დროს.

ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ, ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა თოდუამ დაადასტურა, რომ გავრცელებულ ვიდეოში მისი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ჩანან.

როგორც “რუსთავი 2-ის” კორესპონდენტი დირექტორზე დაყრდნობით ყვებოდა, დირექტორი ნონა თოდუა იხსენებდა, რომ მასთან მივიდა, მისი ინფორმაციით, მერიის დასუფთავების თანამშრომელი, ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც დირექტორს უთხრა, რომ სურდა, ბავშვები ერთობლივი პროექტის ფარგლებში წაეყვანა.

რაც შეეხება თავად ეთერ ჯაფარიძეს, მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მოსწავლეები არავის დავალებით არ წაუყვანია და ინიციატივა მას ეკუთვნოდა:

“არავის დავალება არ იყო. ჩემი ინიციატივა იყო. მე მოვყევი შემცირებაში და შემცირების შემდეგ,  დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის ერთი მარცვალი ჩამედო. ავუხსენი მათ, რომ შრომა დაბადებისთანავე იწყება. ვუთხარი, რომ ვიყავი ევროპაში, მათ არ აქვთ ჩვენზე უკეთესი არც კულტურა, არც განათლება, არც არაფერი, გარდა იმისა, რომ თუნდაც ტუალეტის დაწმენდაც კი არ არის სასირცხვილო მომენტი.

წავედი მე-2 სკოლის დირექტორთან, შევუთანხმდი სკოლის დირექტორს ნონა თოდუას. შემიყვანა მე-7 კლასში. დაველაპარაკე ბავშვებს. წამოვიყვანე ბავშვები მერიაში იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭრდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ. წამოვედით. ეს დავახვედრე გაპრიალებული. მე, ფაქტობრივად, ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე. არ მეთაკილება. დიახ, მე გადავწყვიტე”. – თქვა ჯაფარიძემ.

ჩხოროწყუს მერიაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს შესაბამისი პირები.

“დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი, ვისაც ექნება ამ საქმეში რაიმე გადაცდომა და მონაწილეობა, იქნება მკაცრად დასჯილი.”- განაცხადეს მერიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტოში კი აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები