LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ევროპა იქაა, სადაც ყველა შრომობს ისე, როგორც შეუძლია და გამოსდის.. არც ისე რთულია ჩვენი პატარა, ხელისგულისხელა ქვეყნის აყვავება..“ – ზურა შევარდნაძე 

222
BeFunky-collage (4)

ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რეკომენდაცია გაიცა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, მებაღე ზურა შევარდნაძე ეხმაურება და წერს:

„ჩემი ევროპა იქაა, სადაც ყველას შეუძლია მოიწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს თვითონ წარმოუდგენია და შეუძლია. მარტო ის კი არ უნდა ცხოვრობდეს წელში გამართულად ვისაც გამორჩეული ძალა და უნარები, ხშირად დაუმსახურებელი პრივილეგიები არგუნა ღმერთმა, ისიც ვისაც ნაკლები ან თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს იმანაც უნდა იპონოს თავისთვის შესაფერისი საქმე და საკეთებელი, ისიც ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს და თავისი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდეს საერთო დოვლათში.

ყველას უკლებლივ უნდა შეეძლოს იშრომოს ღირსეული საფასურის სანაცვლოდ, დასვენება დასვენების დროს, ავადმყოფობასთან და სიბერესთან ღირსეულად გამკლავებაა ჩემი ევროპა.

ჩემი ევროპა იქაა, სადაც ყველა შრომობს ისე, როგორც შეუძლია და გამოსდის. ვფიქრობ, არავინ არსად გვექაჩება და არ გვახევს კალთებს, მაგრამ თუ სადმე მივდივართ ჩვენი ტრადიციების, გამოცდილების, უნარების, ცოდნის, გემოვნების შინ დატოვებას მოგვთხოვს ვინმე, თან რომ წავიღოთ არ გამოვა ნეტა?

არც ისე რთულია ჩვენი პატარა, ხელისგულისხელა ქვეყნის აყვავება და ბაღნარად ქცევა. მონდომება, შრომა, ბევრი შრომაა საჭირო მხოლოდ, აზრიანად, გულიანად და სიყვარულით შრომა..“, – წერს ზურა შევარდნაძე.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ზაქარია ჭელიძე